გალაკტიონის პრემია სტუ-ს პროფესორსა და პოეტს - რეზო სტურუას

გალაკტიონის პრემია სტუ-ს პროფესორსა და პოეტს - რეზო სტურუას

25-02-2019

21 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორსა და პოეტს - რეზო სტურუას საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის პრემია მიანიჭა. საპატიო ჯილდო რეზო სტურუას მწერალთა სახლში გადაეცა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია გალაკტიონის პრემიის მინიჭება, ის ყურადღება, რაც მწერალთა კავშირმა გამოიჩინა.  უღრმესი მადლობა, ყველას, ვინც კითხულობს და იწონებს ჩემს ლექსებს“, - აღნიშნა რეზო სტურუამ.

რეზო სტურუა რამდენიმე კრებულის ავტორია, კრებულმა „ლექსები“ კი გალაკტიონის პრემია დაიმსახურა. კრებულში თავმოყრილია ყველა ის ლექსი, რომელიც ავტორის აზრით, საუკეთესო და საეტაპოა მის შემოქმედებაში.

„პოეტი - სიყვარულის დესპანი“, - ასე შეაფასა რეზო სტურუა და მისი შემოქმედება გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილმა კრიტიკოსმა და ლიტერატურის მკვლევარმა, თემურ ქორიძემ.

„რეზო სტურუას ლექსების კრებული უწყვეტი შემოქმედებითი პროცესის სიცოცხლისუნარიანობით არის აღბეჭდილი. ლექსები პოეტის შინაგანი სიმშვიდისა და აუმღვრეველი ბუნების ანარეკლია. ეპატაჟი და პერფორმანსული ბიძგები ამ ბუნებისთვის სრულიად უცხო მოვლენაა. ამიტომ არის, რომ ლირიკული მეტყველების ავტორისეული მანერა მკითხველში სრულ ნდობას და თანალმობას აღძრავს. ეს ერთგვარი „ერთსულოვნება“ თანაბარი ინტესივობით მოიცავს როგორც ბუნებრივ, ისე ადამიანურ წყაროებს“, - წერს თემურ ქორიძე, რეზო სტურუას ერთ-ერთი კრებულის - „ლექსები“ - შესავალ ნაწილში.

„მხოლოდ ღვთიური სისადავე“, - ასე აფასებს სტურუას ლექსებს პოეტი ცისანა ანთაძე და აღნიშნავს: „ფერისცვალების ასაკში მობრძანდა რეზო სტურუა ქართული ლექსის ტაძარში. დიდი ცისკრის ლოცვაზე, პოეზიის ენით საგალობელი სიტყვები მას იმთავითვე სულში ელაგა. მობრძანდა და გაზაფხულგამოვლილი, საამო სურნელშერეული ლექსები შესთავაზა მკითხველს. ამგვარი დაგვიანების გამო, სინანულიც გაეპარა ერთდგან: „ნეტავი ადრე მცოდნოდა,/ზამთრის მოსვლას თუ ელოდი,/ზედმეტი ვნებით დამთვრალი/მაისში არ მოვკვდებოდი“. რასაკვირველია, ეს სინანული ქრისტიანის, მით უფრო პოეტის აღსარებას უთუოდ უნდა მოჰყოლოდა“.

როგორც საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მწერალმა რევაზ მიშველაძემ კრებულის პრეზენტაციისა და დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი უკვე 10 წელია გასცემს გალაკტიონის პრემიას. მისი თქმით, პრემიის მინიჭებამდე, ამა თუ იმ პოეტის, მწერლის შემოქმედებას კითხულობს პრეზიდიუმის 24-ვე წევრი, იწერება დასკვნა და პრემიის მინიჭება პრეზიდიუმის სხდომაზე ღია კენჭისყრით ხდება.

„ჩვენ ამ პრემიას ვანიჭებთ წელიწადში ერთხელ და ეს ნებისმიერი შემოქმედისთვის ღირსშესანიშნავი მოვლენაა. ბატონი რეზოს შემოქმედებამ იმდენად დაგვაინტერესა, რომ საკითხი განვიხილეთ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმზე და  ბატონი რეზო მწერალთა კავშირის წევრად მივიღეთ. სწორედ მწერალტა კავშირის პრეზიდიუმმა მიიჩნია, რომ რეზო სტურუამ, თავისი შემოქმედებით, ახალი სიტყვა თქვა ქართულ პოეზიაში, ახალი ელფერი შესძინა ქართულ ლექსს და ამ თვალსაზრისით ახალი მიმართულება უჩვენა ქართულ პოეზიას ორიგინალურობით, სამყაროს ხედვის თავისებურებით და რაც მთავარია, მხატვრული სახეებით“, - აღნიშნა რევაზ მიშველაძემ.

 

სიახლეებში დაბრუნება