Erasmus+ - აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში

Erasmus+ - აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში

13-02-2019 2018 წლის 5-9 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში (Afyon Kocatepe University - AKU), Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია თურქული უნივერსიტეტი. სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო ჟიჟილაშვილისა და სამსახურის უფროსის თანაშემწის, რიტა სეროპიანის ვიზიტი Erasmus+ KA1 პროექტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ფარგლებში განხორციელდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურისა და ერაზმუს+ ოფისის წარმომადგენლებს, ეზგი გიურელს, ფატოს ოკაის, აიჰან ეროლსა და სხვებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის არსებული კავშირის გაღრმავებას, ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას და ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

რიტა სეროპიანმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, მან ისაუბრა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუ-ში ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვაზე და ამ ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე. 

ასისტენტ პროფესორმა ნინო ჟიჟილაშვილმა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს წაუკითხა სალექციო კურსი „ციფრული უთანასწორობა“.

აღსანიშნავია, რომ აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლების მობილობა ითვალისწინებდა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 
მონიტორინგსაც. ამ მიზნით ისინი შეხვდნენ სტუ-ს სტუდენტებს გურანდა გოლიაძესა და მარიამ ზაალიშვილს, რომლებიც თურქულ უნივერსიტეტში სწავლობდნენ, როგორც სტუ-ს Erasmus+ სტუდენტები. მათთან ერთად ისინი შეხვდნენ სხვა ქართველ სტუდენტებსაც თსუ-დან, რომლებიც, ასევე, აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებდნენ Erasmus+  მობილობით. საგულისხმოა, რომ ამჟამად გურანდა გოლიაძემ და მარიამ ზაალიშვილმა წარმატებით დაასრულეს თავიანთი მობილობა.

აღსანიშნავია, რომ თურქულ უნივერსიტეტში, ასევე, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ პროექტის პარტნიორი უკრაინის ბელაცერკვის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ქართველმა და უკრაინელმა კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს  Erasmus+ პროექტების განხოციელებასთან დაკავშირებული გამოცდილებები და აგრეთვე, განიხილეს ქართულ და უკრაინულ უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კულტურულ ღონისძიებებში - დაათვალიერეს ქალაქის ისტორიული ცენტრი და მუზეუმები.

აღსანიშნავია, რომ AKU ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია, რომელთან ერთადაც სტუ-მ ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში მობილობის განხორციელება დაიწყო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა 2015 წელს დამყარდა.





 


 

სიახლეებში დაბრუნება