Erasmus+ - სალექციო კურსი ზედაპირის ინჟინერინგსა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით

Erasmus+ - სალექციო კურსი ზედაპირის ინჟინერინგსა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით

11-02-2019 2018 წლის 22-26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა პოლონეთის კოჩალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Koszalin University of Technology – Politechnika Koszalinska) პროფესორი კრჟიშტოფ როკოში (Krzystof Rokosz).

პოლონელი პროფესორი სტუ-ში იმყოფებოდა ლექციების ჩატარების მიზნით აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია კოჩალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

კრჟიშტოფ როკოშმა სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექციები კურსიდან „ზედაპირის მოდიფიკაცია ელექტროპოლური და პლაზმური ელექტროლიტების ჟანგვის მიხედვით“.

პროფ. როკოში, ასევე, შეხვდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს და წაუკითხა ლექცია მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში კოჩალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი გაეცნო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს. დაათვალიერა ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ასევე, უნივერსიტეტში არსებული პოპულარული მუზეუმები და ლაბორატორიები.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებში პოლონელმა სტუმარმა ისაუბრა კოჩალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ, აგრეთვე, თავის სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებზე. შეხვედრებზე, ასევე, განხილული იყო მიმდინარე გაცვლითი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დეტალები.

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ს საერთაშორისო ურთერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით, პოლონელმა სტუმარმა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

 

სიახლეებში დაბრუნება