საჯარო ლექცია „კიბერჰიგიენა და CERT.GOV.GE-ის სერვისები“

საჯარო ლექცია „კიბერჰიგიენა და CERT.GOV.GE-ის სერვისები“

05-02-2019

5 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „უსაფრთხო ინტერნეტის’’ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ქვათაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „კიბერჰიგიენა და CERT.GOV.GE-ის სერვისები“.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა „ინტერნეტ საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ხელშეწყობით.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით ქვათაძემ ისაუბრა კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიების საბაზო საკითხებზე. როგორც მან აღნიშნა, კიბერუსაფრთხოების სფეროში მრავალი საფრთხე არსებობს და არაერთი მათგანია გამოვლენილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კიბერჰიგიენის საკითხებში სწორი განათლება მიიღონ, როგორც სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ასევე, ყველა საჯარო სამსახურმა და მათმა თანამშრომლებმა, რადგან სწორედ კიბერჰიგიენის საბაზო საკითხების არცოდნის მიზეზით შეიძლება სოლიდური ზიანი მივაყენოთ როგორც უნივერსიტეტს, ასევე, ნებისმიერ ორგანიზაციას.

„კიბერჰიგიენის  ელემენტარული ცოდნით შევძლებთ, სამომავლოდ გარკვეული პრობლემები ავირიდოთ თავიდან. არავინ დავობს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების გარკვეული ნორმებისა და წესების დაცვა და ეს კიბერუსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებსაც ეხება - პირველ რიგში, მათი ცოდნა და შემდგომ მათი დაცვა უკვე სავალდებულოა. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია პრონცენტული მაჩვენებელი იმ კიბერინციდენტების, რომლებიც ე.წ. ინსაიდერების, ანუ შიდა თანამშრომლების გაუნათლებლობით ხდება. სწორედ ასე შეიძლება წარმოიშვას მსხვილი კიბერშეტევები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებში თანამშრომლები იყვნენ მსგავსი ცოდნით აღჭურვილი, იცოდნენ  როგორ უნდა იმოქმედონ სოციალურ ქსელებში, როგორ უნდა დაიცვან პირადი ინფორმაცია, ვებგვერდებისა და ელექტრონული მეილების უსაფრთხოება ე.წ. ფიშინგისგან და ამით დაინფიცირების შესაძლებლობებიც მინიმუმამდე დაიყვანონ. ასევე, მნიშვნელოვანია მობილური ტელეფონების უსაფრთხოება, რადგან ჩვენი ტელეფონები დღეს უკვე იგივე ინფორმაციას შეიცავს, რასაც ჩვენი პირადი კომპიუტერები“, - განაცხადა ბატონმა დავით ქვათაძემ. 

საგულისხმოა, რომ 5 თებერვალს მსოფლიო უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს (Safer Internet Day) აღნიშნავს. საქართველო წელს პირველად შეუერთდა საერთაშორისო საზოგადოებას და ამ დღის აღსანიშნად, „ინტერნეტ საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის" (ISOC-Georgia) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია და სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

 

სიახლეებში დაბრუნება