პროექტი PRINTeL - პირველი სამუშაო შეხვედრა ტრენერთა მომზადების შიდა საუნივერსიტეტო აქტივობების ჩატარებასთან დაკავშირებით

პროექტი PRINTeL - პირველი სამუშაო შეხვედრა ტრენერთა მომზადების შიდა საუნივერსიტეტო აქტივობების ჩატარებასთან დაკავშირებით

28-01-2019 24 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ERASMUS+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში გაიმართა პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა ტრენერთა მომზადების შიდა საუნივერსიტეტო აქტივობების ჩატარებასთან დაკავშირებით.

აღსანიაშნავია, რომ PRINTeL პროექტის ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების მიხედვით, აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, 2019 გაზაფხულზე (თებერვალი-მარტის) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რათა მათ მიეცეთ დამატებითი შესაძლებლობა, დაეუფლონ სწავლა/სწავლების ინოვაციურ ხერხებს, რაც, საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს სწავლის შედეგების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას ტექნიკურ უნივერსიტეტში.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც PRINTeL პროექტის ფარგლებში წარმატებით გაიარეს კონკურსი და 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ევროპელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ ტრენერთა მომზადების (TOT) 5-დღიან კურსებში და გაიარეს შესაბამისი მომზადება გრაცის, ლიუვენის, პორტოს, ლინკოპინგისა და ბარსელონას უნივერსიტეტებში. შესაბამისად, პროექტის მიხედვით აღებული ვალდებულება ითვალისწინებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების კოლეგებისათვის მაღალ დონეზე გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ამ საპასუხისმგებლო ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვასა და შემდგომში მის ეფექტურად განხორციელებას.

ამასთან დაკავშირებით, პირველ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ტრეინინგების შესახებ ინფორმაციის წარდგენა კურსების მონაწილეების მხრიდან (ე.წ. უკუკავშირი); სილაბუსების მომზადება; ვადების დადგენა; საჭიროებები და ტრეინინგების ორგანიზების სხვა აქტუალური საკითხები.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.


 

სიახლეებში დაბრუნება