აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის ბიუსტის გახსნა სტუ-ს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში

აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის ბიუსტის გახსნა სტუ-ს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში

22-01-2019 2018  წლის 28 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში გაიხსნა ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის ბიუსტი, ასევე, გაიხსნა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელების, დავით კვესელავასა და ნიკო ვახანიას სახელობის კაბინეტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ინსტიტუტის დღევანდელი სახის ჩამოყალიბების პროცესში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში; პროფ. ზურაბ წვერაიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი; ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, აკადემიური პერსინალის და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, პრეზიდიუმის წევრები, მათემატიკური საზოგადოება, ნ. მუსხელიშვილის, დ. კვესელავას და ნ. ვახანიას ოჯახის წევრები და ინსტიტუტის თანამშრომლები.

ბიუსტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ვახტანგ კვარაცხელია. მან ხაზი გაუსვა აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის გადამწყვეტ როლს გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დაარსებისა და ჩამოყალიბების პროცესში. აგრეთვე აღნიშნა ყოფილი დირექტორების, გამოჩენილი მათემატიკოსების დავით კვესელავასა და ნიკო მუსხელიშვილის არსებითი წვლილი ინსტიტუტის განვითარებაში. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბატონი დავით კვესელავასა და ბატონი ნიკო ვახანიას სახელობის კაბინეტების შექმნის შესახებ. ამ კაბინეტებში განთავსდა დავით კვესელავასა და ნიკო ვახანიას მდიდარი მათემატიკური ბიბლიოთეკა, რაც ორივეს ოჯახმა გადმოსცა ინსტიტუტს.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. გასიტაშვილმა აღნიშნა, თუ რა დიდი როლი შეასრულა აკადემიკოსმა ნიკო მუსხელიშვილმა საქართველოში მეცნიერების, და, კერძოდ, მათემატიკური მეცნიერების განვითარების პროცესში.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, პროფესორებმა დავით ნატროშვილმა, თამაზ ვაშაყმაძემ და სხვებმა. აგრეთვე სიტყვები წარმოთქვეს ნ. მუსხელიშვილის, დ. კვესელავას და ნ. ვახანიას ოჯახის წევრებმა. 
საღამოს დასასრულს ვ. კვარაცხელიამ საპატიო სიგელები გადასცა ინსტიტუტის ღვაწლმოსილ ვეტერან თანამშრომლებს.

 

სიახლეებში დაბრუნება