პროექტი InnoCENS - „სტუ-ს მეწარმეობის დღე“

პროექტი InnoCENS - „სტუ-ს მეწარმეობის დღე“

20-01-2019 2018 წლის 25 დეკემბერს, სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის, ინოვაციების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა ღონისძიება „სტუ-ს მეწარმეობის დღე“.

აღნიშნული ღონისძიება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის ძირითადი გეგმის იმპლიმენტაციის ფარგლებში გაიმართა და ის მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, კერძოდ: სამოტივაციო და საპრეზენტაციო გამოსვლებს; ტრეინინგ-სესიებს; ჯგუფურ სამუშაოებსა და შედეგების პრეზენტაციებს და სხვა პარალელურ აქტივობებს.

ღონისძიებებს უძღვებოდნენ გამოცდილი ტრენერები და მოდერატორები, ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები რეალური ბიზნესიდან და სტუ-ს აკადემიური წრეებიდან. ღონისძიებას მოდერატორობდნენ პროფესორები, რომლებმაც InnoCENS პროექტის ფარგლებში პროფესიული გადამზადება და საკვალიფიკაციო კურსები გაიარეს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში: ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია, ასოც. პროფ. დავით ჯაფარიძე (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი), ასოც. პროფ. მაკა ჯიშკარიანი (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი).

საგულისხმოა, რომ ღონისძიებაში მონაწილობა მიიღო საქართველოდან პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, პროფ. გიზო ფარცხალაძემ (ბსუ-ში პროექტის ლოკალური მენეჯერი). მან ვრცლად ისაუბრა და  წარმოადგინა მიმდინარე ეტაპზე პროექტის ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტში ჩატარებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.

„სტუ-ს მეწარმეობის დღის“ ღონისძიებებით  გათვალისწინებულ ინტენსიურ და საკმაოდ დატვირთულ სამუშაო შეხვედრებზე სტუდენტებს სხვადასხვა ფორმატში მიეწოდათ ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რა არის მეწარმეობა; ინოვაციები; რას ნიშნავს Start Up; რა არის პროდუქტის პროტოტიპი; რას გულისხმობს მენტორების სისტემა; სტარტაპის მდგრადობა (lean startup); დიზაინერული აზროვნება და ბიზნესმოდელის (ბიზნეს კანვას მოდელი) შემუშავება; ბაზრის სეგმენტაცია; დაფინანსების წყაროების მოძიებისა და მოზიდვის საშუალებები; ონლაინ მარკეტინგი; სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები და სხვა.

ღონისძიებების მონაწილე სტუდენტებმა დღის ბოლოს, წარმოადგინეს მენტორებთან ერთად დამუშავებული პროექტები რომლის შემდეგაც მათ გადაეცათ InnoCENS პროექტის ფარგლებში გავლილი ტრეინინგ-კურსების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, InnoCENS პროექტის ეგიდით, მოქმედი კურსის „მეწარმეობა ინჟინრებისთვის“ ინოვაციური სწავლების მოდელების იმპლიმენტირებისა და ადაპტირების მიზნით, პარალელური სესიები გაიმართა სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის და სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტებზე.

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩატარდა აქტივობა - ე.წ. „შერეული საკლასო ოთახი“ (Blended Classroom), სადაც წამყვანმა პროფესორმა სწავლების ინოვაციური მეთოდების იმპლიმენტაციის მიზნით ლექციები ჩაატარა ე.წ. შერეული საკლასო ოთახის პრინციპით.

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სწავლების ინოვაციური მეთოდების იმპლიმენტაციის მიზნით ჩატარდა აქტივობა - სტუმარი ლექტორი (Guest Lecturer) სადაც რეალური სამეწარმეო სფეროდან მოწვეულმა სტუმრებმა კურსის წამყვან პროფესორთან ერთად ჩაატარეს ლექცია/სემინარი რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით და უპასუხეს სტუდენტების მიერ დასმულ სხვადასხვა კითხვებს.

ამასთან ერთად, „სტუ-ს მეწარმეობის დღეზე“ წარმოდგენილი იქნა პროექტი InnoCENS -„ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education)  და ინოვაციების ცენტრში ამ ეტაპზე არსებული სხვადასხვა პროექტების სამომავლო გეგმები, მათ შორის სტუ-ს სტუდენტებისათვის გამოცხადდა კონკურსი "ახალი start-up"-ები სტუ-ში“, რომელიც, ასევე, InnoCENS პროექტის ფარგლებში იმართება. კონკურსი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს და ითვალისწინებს ბიზნესპროექტების ინიცირებას, რომლის ინკუბაციაც მოდერატორების დახმარებით განხორციელდება სტუ-ში.

აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. საქართველოში პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტის ეგიდით 2019 წლიდან სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.

სტუ-ს მეწარმეობის დღესთან დაკავშირებული ვიდეომასალა, ასევე, InnoCENS პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება