ხელბურთის ტურნირი

12-04-2008
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელების მორიგი გამარჯვება
 
რამდენიმე წლიანი  შესვენების შემდეგ განახლებული საქართველოს საუნივერსიტეტო სტუდენტური ლიგის ჩემპიონი ხელბურთში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი - "სტუ" გახდა. სტუდენტური ლიგის ფინალში "სტუ"-მ აგრარული უნივერსიტეტის კლუბი "მამული" 41:16 დაამარცხა და ჩემპიონობა ასე მოიპოვა.
თავად ტურნირი 8-9-10 აპრილს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას სამი გუნდი იღებდა - "სტუ", "მამული" და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი "სსუ". პირველ და მეორე დღეს ნახევარფინალური მატჩები ჩატარდა. "სტუ"-მ "სსუ" 28:17 დაამარცხა, "მამულმა" კი "სსუ"-ს 32:13 აჯობა.
ფინალური დაპირისპირება 10 აპრილს დილის 11:00 საათზე დაიწყო და "სტუ"-ს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ მატჩს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური დაესწრო, რომელმაც სტუ-ს ხელბურთელები დააჯილდოვა და მათ კაპიტან გიორგი ფერაძეს საჩემპიონო თასი გადასცა, პრიზიორი გუნდები კი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა - ნიკა ამაშუკელმა და ხელბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურა კაკაბაძემ დააჯილდოვეს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე "სტუ"-ელი ამირან  ყიფიანი გახდა, ბომბარდირობას კი 24 გატანილი ბურთით ასევე "სტუ"-ს ხელბურთელი აკაკი ტალახაძე შესწვდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე გუნდების ბაზაზე შეიქმნება საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები, რომელიც ივლისში იტალიაში გასამართ მსოფლიოს უნივერსიადაზე გაემგზავრება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები