საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის საქველმოქმედო აქცია სოფელ ერგნეთში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის საქველმოქმედო აქცია სოფელ ერგნეთში

26-12-2018 23 დეკემბერს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წევრები სოფელ ერგნეთს ეწვივნენ და საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სოფლის მოსახლეობას (50 ოჯახი) გადასცეს საახალწლო ნობათი: სურსათი, ტკბილეული, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო პროდუქტები.

ტექნიკური უნივერსიტეტის ქალბატონებმა სოფლის მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცეს და უსურვეს მშვიდობა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ახლო მომავალში.

დიდი იყო ერგნეთის მკვიდრთა სიხარული თანადგომისათვის. მათ ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ ასეთი მასშტაბური ქველმოქმედებითა და მხარდაჭერით სოფლის მკვიდრები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ არცთუ ისე განებივრებულნი არიან.

მოსახლეობასთან შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა გორის საკრებულოს წევრმა, ქალბატონმა ლია ჩლაჩიძემ. მან ქალთა ასოციაციის  წევრებს დაათვალიერებინა მის მიერ ორგანიზებული მუზეუმი, რომელიც ასახავს 2008 წლის 8 აგვისტოს ომის მოვლენებს. ასევე, ორგანიზება გაუკეთა შეხვედრას ერგნეთის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობასთან, სადაც დაისახა ორ მხარეს შორის ორგანიზაციული ღონისძიებები სკოლისათვის სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ამ მიზნით საჭირო კონტაქტები განხორციელდება დისტანციურად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მოსწავლეებს ჩაუტარონ კონსულტაციები ცალკეულ საგნებში, არდადეგების და ეროვნული გამოცდების პერიოდში. შეხვედრაზე ორივე მხარემ ერთსულოვნად გამოხატადა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.


 

სიახლეებში დაბრუნება