სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში

სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში

24-12-2018 17-21 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოინჟინერინგის სისტემების ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციას ამავე უნივერსიტეტის სკოლის „ვინიფერას“ მენეჯერი - პატრის ლალელმანი ხელმძღვანელობდა. ფრანგი პროფესორები მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და მათ დარგობრივი მიმართულების ლექციები წაუკითხეს.

ვიზიტის ფარგლებში ფრანგი კოლეგები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ, მოინახულეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი და ღვინის ქარხანა „შატო მუხრანი“, შეხვდნენ ღვინის ლაბორატორიის მენეჯმენტს  და გაეცნენ მათ მუშაობას.
სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტის პროფესორები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზასაც ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერეს საკოლექციო ვენახი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. ფრანგმა კოლეგებმა ღვინის კომპანია „შუმის“ ბარიც მოინახულეს, გაეცნენ კომპანიის მუშაობას და კომპანიაში წარმოებულ ღვინოებს.

ფრანგული დელეგაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსთან, პროფ. ოთარ ზუმბურიძესთან. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

ვიზიტის ბოლოს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოინჟინერინგის სისტემების ფაკულტეტზე დასკვნითი ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის საელჩოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული და ფრანგული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა ქვევრის ღვინომ „ქისი“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ და სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტებს ორწლიანი თანამშრომლობის ისტორია გააჩნია, რომელიც სტუდენტების გაცვლასა და მათ სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლას გულისხმობს. სტუ მონაწილეობს Erasmus+ გაცვლით პროექტში, რომლის კოორდინატორია სუპაგრო მონპელიე და პროექტის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოინჟინერინგის სისტემების ფაკულტეტის 1 მაგისტრანტი მობილობით სწავლას გააგრძელებს ფრანგულ უნივერსიტეტში 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში.

 

სიახლეებში დაბრუნება