სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

17-12-2018

17 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია - „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.

კონფერენცია მიეძღვნა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორის, თბილისის საპატიო მოქალაქის, მეორე მსოფლიო ომის გმირის, ირაკლი ციციშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.

როგორც არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნინო იმნაძემ აღნიშნა, დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანია როგორც არქიტექტურის, ფაკულტეტისთვის, ასევე, ზოგადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. 

„ჩვენი ფაკულტეტის ჩამოყალიბება და განვითარება ბატონი ირაკლი ციციშვილის დამსახურებაა. მას დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. კონფერენციაზე განხილული იქნება არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების თანამედროვე პრობლემები, შევეხებით უახლესი არქიტექტურის პროცესებს, ამასთანავე, მიმოვიხილავთ ისეთ თემებს, რომლებიც შეეხება საქართველოში არქიტექტურის განვითარების ისტორიას, თბილისის უახლეს არქიტექტურას, გავაანალიზებთ მის მიმართულებებსა და ტენდენციებს, შევეხებით თბილისის ძველ უბნებში ძველი და თანამედროვე  არქიტექტურის სინთეზის, მწვანე არქიტექტურის, მდგრადი არქიტექტურის პრინციპების დაცვის, თბილისის ისტორიული უბნების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის საკითხებს”, - განაცხადა ნინო იმნაძემ. 

კონფერენციის პირველ ნაწილი ირაკლი ციციშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმოხილვას დაეთმო, მეორე ნაწილი კი - არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის აქტუალურ საკითხებს, პრობლემების განხილვასა და მათი გადაწყვეტის გზებს. 

კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა არქიტექტორ ზურაბ ტიტვინიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, რომელიც ირაკლი ციციშვილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

სიახლეებში დაბრუნება