„ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსი - სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის გუნდის წარმატება

„ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსი - სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის გუნდის წარმატება

16-12-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის გუნდმა, პროფ. ჯემალ გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2018 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში და წარადგინა 4 პროექტი.

მთელი საქართველოს მასშტაბით საკონკურსოდ  წარდგენილი იყო სულ 38 პროექტი. აქედან 22 პროექტი იყო თბილისიდან, 16 კი -  ქუთაისიდან, რუსთავიდან, საგარეჯოდან, ბათუმიდან, სენაკიდან, ვანიდან, ხონიდან, საჩხერიდან, წილკანიდან.

კონკურსის  პირველი ეტაპის დამთავრების  შემდეგ წარდგენილი 38 პროექტიდან ფინალში გავიდა 18 პროექტი, მათ შორის სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის  გუნდის ორი პროექტიც: „მძღოლთა რეაქციის შეფასებისა და ტრეინინგის მოწყობილობა“ და „საოფისე/საბინაო მეტეოსადგური“. დასკვნით ეტაპზე გავიდა აგრეთვე თბილისის კომაროვის, ვეკუას, ნიუტონის, სერვანტესის, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას, საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქუთაისის 22-ე საჯარო და კერძო სკოლები/გიმნაზიები.

საგულისხმოა, რომ კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო 
სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეების მეცნიერული კვლევებით დაინტერესებას. ამ ხნის განმავლობაში საკონკურსოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარდგენილი იყო 402 საკონკურსო განაცხადი, 
რომელთაგან 53 გამარჯვებული პროექტი ჩაითვალა გამოგონებად. ზემოაღნიშნული სკოლები სისტემატურად იღებდნენ მონაწილეობას კონკურსში და ჰქონდათ შესაბამისი ცოდნაც და გამოცდილებაც. მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის გუნდმა, კი, მიუხედავად იმისა, რომ პირველად იღებდა მონაწილეობას ამ კონკურსში, მაინც  შეძლო, წარედგინა პროექტების რეკორდული რაოდენობა - 4 პროექტი, რომელთაგან საბოლოო პრეზენტაციისა და შეფასებების შემდეგ, 2 პროექტმა პირველ ათეულში დაიკავა ადგილი. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გიორგი კრავჩენკომ, სანდრო ლოჩოშვილმა, ნინო პაკელიანმა, ლიზი ფაცაციამ მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ ფინალში გასული პროექტების ავტორები მიიწვიეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც ისინი თავიანთი შრომების შესახებ მოხსენებით წარსდგენ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე. მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის გუნდის ნამუშევარმა „მძღოლთა რეაქციის შეფასებისა და ტრეინინგის მოწყობილობა“ მაღალი შეფასება დაიმსახურა, ნორჩმა გამომგონებლებმა კი მიიღეს ვაუჩერები ამ უნივერსიტეტში სწავლების საფასურის 10%-ით დაფინანსების შესახებ.

 

სიახლეებში დაბრუნება