პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრეინინგები ლეუვენის უნივერსიტეტში

პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრეინინგები ლეუვენის უნივერსიტეტში

06-12-2018 11-17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორებმა თამარ კუპრეიშვილმა (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი) და დარეჯან ცუცქირიძემ (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და ისტორიის დეპარტამენტი) მონაწილეობა მიიღეს ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებულ TOT ტრეინინგ-კურსში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში ჩატარდა პროექტის ევროპელ პარტნიორ, ბელგიის ლეუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (KU LEUVEN).

ტრეინინგის მონაწილეებს (საქართველო, სომხეთის რესპუბლიკა, ბელორუსია) მიესალმნენ პროექტის ტრენერი პროფ. ვიმ ვან პეტეგემი და ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის უფროსი, ქალბატონი ჰილდა ლოვრისი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ლეუვენზე, მის საუნივერსიტეტო ტრადიციებზე;

ტრეინინგის შესავალი ნაწილი, ასევე, მოიცავდა ტრეინინგის მონაწილეების გაცნობასა და ურთიერთწარდგენას, რაც აქტიური სწავლების კონკრეტული ტექნიკის გამოყენებით შედგა.
გაცნობითი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირველი დღე სრულად დაეთმო აქტიური სწავლების მნიშვნელობას; პასუხი გაეცა ისეთ ძირითად კითხვებს, როგორიცაა რა არის აქტიური სწავლება, რატომ და როგორ უნდა განხორციელდეს იგი. შესაბამისად, ბატონმა ვიმ ვან პეტეგემმა მონაწილეებს გააცნო აქტიური სწავლების განსაზღვრებები, ფორმები, მისი გამოყენების ინსტრუმენტები და ყველა ის ძირითადი კომპონენტი, რომელიც წარმატებულ აქტიურ სწავლებას უზრუნველყოფს.

პირველი დღის ბოლოს მონაწილეებმა პრაქტიკული, ჯგუფური დავალების ფარგლებში თავად შექმნეს აქტიური სწავლების კონცეპტუალური რუკა (concept map) და დანარჩენ მონაწილეებს წარუდგინეს.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის სწავლება ეფუძნება აქტიური სწავლების მეთოდებსა და ტექნიკებს და იგი განიხილება, როგორც მომავალზე ორიენტირებული განათლების ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი.

ტრეინინგის მეორე დღის ერთ-ერთ მთავარ მიზანს TPACK და ADDIE მოდელების გაცნობა-შესწავლა წარმოადგენდა. მათი გამოყენების აუცილებლობის გააზრებისათვის მონაწილეებს შესთავაზეს თეორიული მასალა პრეზენტაციის სახით და პრაქტიკული სავარჯიშოები. ჯგუფებად დაყოფილმა მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალება და მიღებული შედეგი პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

იმავე დღეს ტრენინგის მონაწილეები, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, ეწვივნენ  LIMEL - ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მედიატექნოლოგიების კორპუსს, სადაც  აკადემიური მიზნების მისაღწევად პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ტექნოლოგიური რესურსით. მასპინძელმა მხარემ დეტალურად ისაუბრა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე, აუცილებლობაზე და მიღწეულ შედეგებზე, ასევე, ვიდეო პროდუქტის შექმნის პროცესსა და მისთვის საჭირო მატერიალურ და ადამინურ რესურსებზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე. მონაწილეებმა, ასევე, დაათვალიერეს სასწავლო ვიდეოს ჩამწერი სტუდია, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა; დათვალიერების პროცესში აუხსნეს მათი დანიშნულება, ფუნქციონირების მექანიზმები და ა.შ.

სასწავლო კურსის  მომდევნო დღეს დეტალურად იქნა განხილული ADDIE მოდელის შემადგენელი კომპონენტები, განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. სტუდენტთა მახასიათებლებს დაეთმო. აგრეთვე, ტრენინგის მონაწილეებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკული დავალება, რომელიც ითვალისწინებდა „სასწავლო სცენარის“ შექმნას TPACK და ADDIE მოდელების, აქტიური სწავლების ტექნიკების გამოყენებით. თითოეულმა ჯგუფმა თავად განსაზღვრა თემატიკა, პედაგოგიური მიდგომა, აქტიური სწავლების კონკრეტული ტექნიკა და სასწავლო სცენარი პრეზენტაციის სახით წარადგინა, რომლის განხილვაც ტრენერისა და აუდიტორიის მაღალი ჩართულობით მოხდა.

ტრეინინგის მონაწილეებს მოსამზადებლად მიეცათ კონკრეტული თეორიული მასალა, რომელიც ტრეინინგის მეოთხე დღეს TPACK და ADDIE მოდელების კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით დეტალურად  განიხილეს. პროცესი აქტიური სწავლების მეთოდიკის გამოყენებით წარიმართა. ამავე დღეს ვიმ ვან პეტეგემმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო საკლასო ოთახის რეაგირების სისტემები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „Mentimenter”. მისი მუშაობისა და შედეგების უკეთ გასაანალიზებლად ტრენერმა მონაწილეების ჩართულობით „მენტიმეტრის“ გამოყენების პრეზენტაცია მოაწყო, მიღებული შედეგები კი დეტალურად განიხილა ინტერაქტიული მეთოდით. ამავე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა დაიწყეს აქტიური მზადება დასკვნითი პრეზენტაციისთვის. მათ უნდა შეექმნათ სილაბუსი აქტიური სწავლების კომპონენტების გათვალისწინებით. 
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მონაწილეები, რომლებიც საკუთარი სურვილით გადანაწილდნენ ჯგუფებში, მთელი მონდომებით მუშაობდნენ მოსამზადებელ პროექტზე, რომელიც წარმატებით წარადგინეს მეხუთე - დასკვნით დღეს. თავად პრეზენტაციის პროცესი აქტიური სწავლების მეთოდიკის გათვალისწინებით წარიმართა. მცირე ჯგუფებში წარმოდგენილი პრეზენტაციები, მიღებული შენიშვნებისა თუ დადებითი შეფასებების საფუძველზე შეიქმნა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები სამომავლო აქტივობებისათვის. მათი საბოლოო განხილვა და ანალიზი პროფ. პეტეგემის მიერ და მთელი ჯგუფის აქტიური ჩართულობით „მენტიმეტრის“ გამოყენებით მოხდა.

და ბოლოს, ტრენერმა და ტრენინგის მონაწილეებმა შეაფასეს და შეაჯამეს ხუთდღიანი მუშაობის შედეგები, მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ბელგიელ პროფესორს გაწეული შრომისათვის. დასკვნით ეტაპზე, ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი „აქტიური სწავლება ტექნოლოგიებზე დამყარებული ჯგუფური მუშაობით“ (Active learning with special focus on ტechnology enhanced collaborative learning). თითოეულმა მონაწილემ განვლილი კურსის ფარგლებში დააგროვა ორი კრედიტი.

საგულისხმოა, რომ ტრეინინგის ყოველი დღე მიმდინარეობდა აქტიური სწავლების ფორმატით და ტრენინგის მონაწილეს უნდა გამოეტანა ორი ძირითადი დასკვნა იმ დღის განვლილი მასალიდან და  დაესვა ერთი მთავარი კითხვა, რომელიც დღის განმავლობაში გაუჩნდა.

დატვირთული სამუშაო გრაფიკი ითვალისწინებდა კულტურულ ღონისძიებებსაც.
აღსანიშნავია, რომ ტრეინინგებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სტუ-ს ახალგაზრდა პროფესორები თავიანთ ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში ორგანიზებული ტრენინგების საშუალებით, რომელიც მიზნად ისახავს სტუ-ში ინოვაციური პედაგოგიკის ელემენტების პოპულარიზაციას.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება