ნიადაგის მსოფლიო დღე - შეხვედრა სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან

ნიადაგის მსოფლიო დღე - შეხვედრა სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან

06-12-2018 5 დეკემბერს, ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფ. ნინო ჩხარტიშვილის ორგანიზებით სტუდენტები შეხვდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის უფროსს, გიორგი ღამბაშიძეს და ღვინის კომპანია შუმის ბიოდინამიური მევენახეობის ხელმძღვანელს გიორგი ალადაშვილს.

სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი ღამბაშიძემ ნიადაგწარმოქმნის თავისებურებებსა და ნიადაგის ნაყოფიერების მახასიათებლებზე ისაუბრა, რომლებსაც განსაკუთრებული მნივშენლობა ენიჭება ვაზის ნორმალურ ზრდა-განვითარებაში და არსებით გავლენს ახდენს მოსავლის რაოდენობასა და წარმოებული ღვინის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.

ლექციის ნაწილი ვიზუალური დიაგნოსტიკის მეთოდების გაცნობას დაეთმო, რომელიც ვაზის კულტურის მაკრო და მიკრო ელემენტებით კვების უზრუნველყოფის დასადგენად გამოიყენება.

გიორგი ალადაშვილმა ისაუბრა ბიოდინამური მევენახეობის თავისებურებებზე. ბიოდინამისტების მთავარი ამოსავალია ბუნების გაგება და მისი ენერგიის სწორად გამოყენება, დაავადებაც ხომ ბუნებრივი მოვლენაა, მას სარგებლობაც მოაქვს, ანადგურებს იმას, რაც უკვე უსიცოცხლო და უუნაროა. „მიწა და ვაზი თუ არ იქნება ძლიერი, მოსავალს ვერ მიიღებ. თუ მევენახემ რამე დააკლო და ვაზის მოვლის ჯაჭვი დაარღვია, ყურძენი კარგავს იმ ხარისხს და არომატს, რაც უნდა ჰქონდეს. რაც მეტად ბუნებრივად, ყოველგვარი აგროქიმიკატების გარეშე მომყავს მოსავალი, უფრო ხარისხიანია და გემრიელი“, - განუცხადა ალადაშვილმა სტუდენტებს.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც ღვინის კომპანიის წარმომადგენელი საბა ქიტიაშვილი წარუძღვა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დღეს ნიადაგების ერთი მესამედი დეგრადირებულია. ნიადაგის დაბინძურება მსოფლიო პრობლემაა, რომელიც მოსახლეობის მატებასთან ერთად იზრდება. დაბინძურების ძირითადი მიზეზი არამდგრადი სოფლის მეურნეობა, სამთო და სამრეწველო საქმიანობა და გადაუმუშავებელი ურბანული ნარჩენებია.

ნიადაგის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის
გადაწყვეტილებით 2013 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი ნადაგის დაცვის მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირებაა.

საგულისხმოა, რომ 2018 წელი გამოცხადებულია ნიადაგის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის წლად.


 

სიახლეებში დაბრუნება