Erasmus+ სალექციო კურსი გამოყენებით მათემატიკაში კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

Erasmus+ სალექციო კურსი გამოყენებით მათემატიკაში კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

01-12-2018 15 - 19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ბაღათურია ERASMUS+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით სტუმრობდა პოლონეთის კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა პოლონელ სტუდენტებს წაუკითხა ლექციების კურსი გამოყენებით მათემატიკაში კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების თეორიის და მისი ზოგიერთი გამოყენების შესახებ. კონკრეტულად, აღნიშნული კურსი მოიცავდა შერეული ტიპის განტოლებებისთვის დასმულ ჰიპერბოლურ ამოცანებს და მათ გამოყენებებს.

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე გაკეთებული პრეზენტაციების დროს ძირითადად წარმოდგენილი იყო ქართველი მეცნიერის მიერ ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები აღნიშნულ დარგში. ლექციათა კურსში, ასევე, მიმოხილული იყო ცნობილი მეცნიერების მიერ ადრე მიღებული შედეგები აღნიშნულ დარგში. ნაჩვენები იქნა მათი მნიშვნელობა როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი თვალსაზრისით. კურსის დასასრულს ქართველმა მეცნიერმა წარმოადგინა მისი სამეცნიერო მუშაობის სამომავლო გეგმები და ახალი ამოცანების გადაჭრის პერსპექტივები.

კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ვიზიტის დროს, ასევე, გათვალისწინებული იყო გაცნობითი და საქმიანი შეხვედრები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, ლაბორატორიების თანამშრომლებთან და დოქტორანტებთან.  ამ შეხვედრებისას, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა  სტუ-სა და კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის მომავალში გაგრძელების შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ მობილობა განხორციელდა Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.





 


 

სიახლეებში დაბრუნება