ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე

ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე

27-11-2018 27 ნოემბერს, სააგენტო INTERPRESSNEWS ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე ინოვაციური სასწავლო-სამეწარმეო კოლეჯი დაარსდება.

ინიციატივის განხორციელებაში სრულად ჩაერთვება აშშ-ის აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) და სათემო კოლეჯების საერთაშორისო გაერთიანება (CCID). ახალი ინიციატივა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, არჩილ ფრანგიშვილთან შეხვედრის შემდეგ, როგორც ამერიკელმა, ისე ქართველმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს და მზადყოფნა გამოთქვეს ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის.

ინიციატივის თანახმად, მრავალპროფილიანი, მულტიპროგრამული სასწავლო-საწარმოო კოლეჯი, თავისი შინაარსის, დანიშნულების, ფუნქციებისა და სტატუსის მიხედვით ამერიკული სათემო კოლეჯის ანალოგი იქნება. კოლეჯი სრულიად გარდაიქმნება თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულებად, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უახლესი სახელოსნოებითა და ლაბორატორიებით, მრავალპროფილიანი პროგრამებითა და პედაგოგთა მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ რეგიონალურ ბიზნესთან უწყვეტ თანამშრომლობას და ამ გზით რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით კოლეჯი მოამზადებს ტექნიკურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებით: სხვადასხვა მიმართულების სამოქალაქო-სამშენებლო, საგზაო-საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო (აეროდრომების) მშენებლობა სატრანსპორტო სისტემების მომსახურების, მენეჯმენტი და ლოჯისტიკა; მანქანათმშენებლობა და შემკეთებელი საწარმოები; სოფლის მეურნეობის (აგრონომია, მეცხოველეობა, ვეტერინარია) და მასთან დაკავშირებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოებების სხვადასხვა მიმართულებების ტექნოლოგიები; წყალთამეურნეობა და სარწყავი სისტემები და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული აგროეკოლოგია; საწარმოო ნარჩენების გადამუშავება; სატყეო მეურნეობებისა და ნაკრძალების მენეჯმენტი; გარემოზე დაკვირვება და მონიტორინგი და სხვა.

„როგორც ცნობილია, დიდი ჯიხაიშის ტექნიკური სასწავლებელი ნიკო ნიკოლაძის მიერ არის დაარსებული და მისი ადგილმდებარეობა სერიოზული ეკონომიკური კვლევების შედეგად იყო შერჩეული, რათა იმერეთის რეგიონი უზრუნველეყოთ სათანადო საწარმოო-ტექნიკური კადრებით. შესაბამისად, ახალი ინიციატივა დასავლეთ საქართველოში მზარდი ეკონომიკური ინიციატივების განვითარებასა და სრულყოფას შეუწყობს ხელს“,- აცხადებენ სამინისტროში.

 

სიახლეებში დაბრუნება