სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში

სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში

26-11-2018 26 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდნენ სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (University of Science and Technology - UST) წარმომადგენლები: პროფ. შანგ გიო შიმი, უნივერსიტეტის განათლებაში წარმატებული გამოცდილების ცენტრი (Prof. Shang Gyoo SHIM, Center for Excellence in Education, UST); ჯი ეუნ პარკი, უნივერსიტეტის საერთაშორისო უერთიერთობების ჯგუფი (Ms. Ji Eun PARK, International Cooperation Team, UST) და ეუნ ჯინ ლიი, მენეჯმენტის დამხმარე ჯგუფი (Ms. Eun Jin LEE, Management Support Team, UST).

სამხრეთ კორეული უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; პროფ. ოთარ ზუმბურიძე, საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე კორეელმა სტუმრებმა წარმოადგინეს საინჟინრო დარგების მიმართულებით, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის განკუთვნილი სასტიპენდიო პროგრამა, ისაუბრეს სამხრეთ კორეის უმაღლესი განათლების სისტემაზე და განიხილეს სწავლასა და კვლევებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები, საერთაშორისო სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფ. ოთარ ზუმბურიძემ აღნიშნა, განათლების ინტერნაციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი საინტერესო წინადადებით ეწვია ტექნიკურ უნივერსიტეტს. მისი თქმით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი კრიტერიუმები, რითაც სამხრეთ კორეელი კოლეგები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს UST-ის სასტიპენდიო პროგრამაში ჩართავენ. 

„ინტერნაციონალიზაცია ძალიან საინტერესო მიმართულებაა მთელ მსოფლიოში, რასაც  არაერთი დადებითი მხარე აქვს. როდესაც სტუდენტი მიდის სხვა ქვეყანაში რაიმე კონკრეტული კურსის შესასწავლად, ის ასევე ეცნობა იმ ქვეყნის ცივილიზაციას, ტრადიციას, კულტურას, რაც მნიშვნელოვანია  მისი მომავლისთვის. სამშობლოში დაბრუნებული ასეთი სტუდენტები უკვე სხვა კუთხით აფასებენ საერთაშორისო პროცესებს, რაც უთუოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც. სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, მიიწვიოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბაკალავრები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად და ჩართოს ისინი თავის სასტიპენდიო პროგრამებში. მსგავსი წინადადებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჯერ არც ერთ უცხოურ უნივერსიტეტს არ მიუმართავს. ამდენად, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი სტუდენტებისთვის. კორეულ უნივერსიტეტს, პრაქტიკულად, ყველა საინჟინრო-ტექნოლოგიური სპეციალობა აქვს და იმის რესურსიც გააჩნია, რომ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლება ინგლისურ ენაზე წარმართოს, ამასთან, თითოეული სტუდენტისთვის უზრუნველჰყოს საცხოვრებელი პირობები და სტიპენდია 1500 დოლარის ფარგლებში. სამხრეთ კორეელი კოლეგები, საწყის ეტაპზე, ყოველწლიურად ხუთი სტუდენტის სწავლის სრულად დაფინანსებას გვთავაზობენ. მათი ერთადერთი მოთხოვნა ბაკალავრის დიპლომი და ინგლისურ ენაში „ტოიფელის“ სერტიფიკატია“, - განაცხადა ოთარ ზუმბურიძემ.

გზამკვლევი საერთაშორისო სტუდენტებისა და კვლევითი სტაჟირებისთვის, ასევე, ინფორმაცია კორეული ენის სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, რომელიც 2003 წელს დაარსდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანებაა. მისი კამპუსები განთავსებულია ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სეული, სუვონი, ჩონგონი, ანსანი, სეონონმენი და დიჯეონი.


 

სიახლეებში დაბრუნება