V საერთაშორისო კონფერენცია - „ნანოტექნოლოგიები“ (ნანო-2018)

V საერთაშორისო კონფერენცია - „ნანოტექნოლოგიები“ (ნანო-2018)

19-11-2018 19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „ნანოტექნოლოგიები“ (ნანო-2018) გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენცია ხუთდღიანია და მას მსოფლიოს 21 ქვეყნის - ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშ-ის, ბელარუსის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, კანადის, ლიეტუვის, მექსიკის, პოლონეთის, რუსეთის, საფრანგეთის, საქართველოს, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ყაზახეთის სამეცნიერო დელეგაციები ესწრებიან.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, ნანოტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოში 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კონფერენციათა ე.წ. რეგულარული სერია  თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება.

 „ნანო-2018“-ზე მეცნიერები და მკვლევარები, ისევე როგორც ინჟინრები და ტექნოლოგები, განიხილავენ ახალი ნანომასალების სინთეზის მეთოდებს, მათი სტრუქტურის, ფიზიკური, ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებების კვლევებს, აგრეთვე, ტექნიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობებს. ველი, რომ კონფერენცია შეაფასებს დღევანდელ მდგომარეობას ნანოტექნოლოგიებში, ამ დარგის ახალ მიღწევებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

როგორც ეს ჩანს კონფერენციის პროგრამიდან, დაგეგმილ ზეპირ და პოსტერულ სესიებზე წარმოდგენილი იქნება ნანოსისტემების ექსპერიმენტული შესწავლით მიღებული ახალი შედეგები მათი მოდელირების თეორიულ მიდგომებთან ერთად.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი კარგ პლატფორმად გადაიქცევა ნანონომინაციებისა და ნანოტექნოლოგიებისათვის, რომ გამართონ ფართო დისციპლინათშორისი დისკუსია და ამ გზით არამარტო ინტენსიური გახადონ არსებული თანამშრომლობა, არამედ ხელიც შეუწყონ მომავალ თანამშრომლობას ნანოტექნოლოგიურ კვლევებში“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

„ნანო-2018“-ის ზეპირი და პოსტერული სესიების თემატიკა მრავალფეროვანია. ის მოიცავს ნანოტექნოლოგიას, ნანოფიზიკას, ნანოქიმიას, ნანობიოოლოგიასა და ნანომედიცინას, ასევე ნანომასალათმცოდნეობას, ნანოინჟინერიასა და ნანოელექტრონიკას, ეხება ნანოუსაფრთხოებასა და  ნანოგანათლებას და ა.შ.  20-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო ცენტრების მკვლევერთა მიერ 140-მდე მოხსენებაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 1959 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა, რიჩარდ ფეინმანმა თავის მოხსენებაში - “იქ, ქვევით საკმარისი ადგილია” - პირველად წამოაყენა მოსაზრება, რომ შესაძლოა ატომების გადაადგილება მექანიკურად, მანიპულატორების საშუალებით. ითვლება, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ნანოტექნოლოგიების განვითარებაში. ტერმინი „ნანოტექნოლოგია“ პირველად 1974 წელს გამოიყენა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ნორიო ტანიგუჩიმ. მან ამ ტერმინით რამდენიმე ნანომეტრის ზომის ობიექტის შექმნა განსაზღვრა. დღეისათვის, ნანოტექნოლოგია ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფეროა, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოშკალის დონეზე. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დარგში.

 

სიახლეებში დაბრუნება