საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სტუ-ში

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სტუ-ში

16-11-2018 16 ნოემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. 

„ცოტა ხნის წინ სამინისტროში გვქონდა ღონისძიება, სადაც მოწვეული გვყავდა უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, რათა გაგვეცნო მათთვის ჩვენი საქმიანობა და ის საჭიროებები, რომელიც პროფესიული საკადრო პოლიტიკისთვის არის აუცილებელი. ღონისძიების შემდეგ ბატონმა არჩილ ფრანგიშვილმა გვთხოვა მოვსულიყავით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და სტუდენტებისათვის მოგვეთხრო სამინისტროს გეგმების შესახებ, ერთად გადაგვეწყვიტა როგორი იქნება უნივერსიტეტის ჩართულობა ჩვენს საქმიანობაში. დღეს გაგაცნობთ, რა არის ჩვენთვის აუცილებელი, რა არის პრიორიტეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით და სად გვჭირდება უმაღლესი სასწავლებლიდან დახმარება, რათა სასწავლო პროგრამებში გათვალისწინებულ იქნას და შესაბამისობაში მოვიდეს იმ საჭიროებებთან, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

მინისტრი სტუდენტებს ესაუბრა სამინისტროს ფუნქციებში შემავალ საქმიანობასა და იმ მსხვილ პროექტებზე, რასაც სამინისტრო ახორციელებს.


„სასიხარულოა, რომ სტუდენტებს გაინტერესებთ გეგმები, რომლებიც დასახული გვაქვს 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში. ბევრ საკითხში ჩვენი გეგმები, შესრულებული სამუშაოები ემთხვევა იმ  საჭიროებებს და პრიორიტეტებს, რომლებიც მოსახლეობას აქვს, თუმცა გვაქვს ისეთი პრობლემებიც, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია. კერძოდ,  გაზიფიცირების, წყალგაყვანილობის  და საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დასრულება, რომელიც სამომავლო გეგმას წარმოადგენს“, - აღნიშნა მინისტრმა.

სტუდენტებთან შეხვედრისას მაია ცქიტიშვილმა  ყურადღება გაამახვილა  საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობისა  და წყალმომარაგების სისტემების გამართვის მნიშვნელობაზე.  შეხვედრას დისკუსიის ფორმატი ჰქონდა. სტუდენტების შეკითხვებს მაია ცქიტიშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილემ და სხვა სტუმრებმა უპასუხეს.

„ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ  წინაშე დგას და იმ პერსპექტივებზე, რაც დაგეგმილია 2019 წლისთვის. არის ბევრი მიმართულება, სადაც ჩვენსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის შეიძლება უფრო ღრმა ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც საინტერესო შედეგამდე მიგვიყვანს. სამწუხაროდ, ჩვენ ვაწყდებით პროფესიონალიზმის პრობლემას, როგორც სახელმწიფო სამსახურში, ასევე იმ სამსახურებში, კერძო სექტორში, კონკრეტულ კომპანიებში. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, ვგულისხმობთ პროექტებს, როემლსაც სამინისტრო ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა კუთხით არის საინჟინრო პერსონალის დეფიციტი, რომელიც  სპეციალიზირებულია კონკრეტული მიმართულებით“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, „დღევანდელი შეხვედრა არის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობა, მიიღონ გადაწყვეტილემა იმ კუთხით სპეციალიზირებისთვის, რა კუთხითაც სამინისტროა დაკავებული. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს მომავლისათვის“.

 

სიახლეებში დაბრუნება