სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდება იტალიელ პროფესორებს

სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდება იტალიელ პროფესორებს

15-11-2018 17 ნოემბერს, 13:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭებათ ტუსკიას (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორს, ხმელთაშუაზღვის აუზის კლიმატის ცვლილების ცენტრის სტრატეგიულ დირექტორს, ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის განმტკიცების დარგში, რიკარდო ვალენტინის და ხმელთაშუა ზღვის აუზის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტის პრეზიდენტს, დოქტორ ჯუზეპე ერამოს.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი.

სტუ-ის რექტორი და მეცნიერები პროფ. რიკარდო ვალენტინისა და დოქტორ ჯუზეპე ერამოს საერთაშორისო მიღწევებზე ისაუბრებენ, ყურადღებას გაამახვილებენ ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა კოლაბორაციაზე იტალიელ მეცნიერებთან, ასევე იმ მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობებზე, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა.

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, პროფ. რიკარდო ვალენტინი და დოქტორი ჯუზეპე ერამო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის წაიკითხავენ საჯარო ლექციებს თემებზე: „გლობალური დათბობის გამოწვევები ახალ ათასწლეულში“ და „ხმელთაშუა ზღვის აუზის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტის მიმდინარე და პერსპექტიული სამეცნიერო კვლევები“. ასევე, შედგება სამუშაო შეხვედრები სტუ-ის მკვლევარებსა და იტალელ მეცნიერებს შორის.

 

სიახლეებში დაბრუნება