სტუ-ს პროფესორი - „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი“

სტუ-ს პროფესორი - „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი“

12-11-2018 10 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის სამრეწველო ავტომატიზაციის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელს, ია მოსაშვილს გადაეცა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაწესებული „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო” ნომინაციაში - „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი“.

ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“-ის გალა დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსი, განათლების სფეროსა და ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დაჯილდოების ღონისძიებით  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია-განვითარების მიზნით ორგანიზებული პროფესიული განათლების კვირეული დაიხურა.

აღსანიშნავია, რომ ია მოსაშვილი, დანარჩენ სამ ნომინაციაში გამარჯვებულთან ერთად, 2019 წლის თებერვალში, სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება, გაეცნობა ევროპულ გამოცდილებას თავის სპეციალობაში და დაესწრება ევროპის პროფესიული განათლების უმსხვილეს გამოფენას - Didacta, the Education Trade Fair“. ეს სპეციალური პრიზი ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დააწესა.

ია მოსაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორია. ის სამრეწველო ავტომატიზაციის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრში 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის (GTTC) შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ, პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ ფარგლებში და დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მლნ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

 

სიახლეებში დაბრუნება