სტუ - ტექნიკური გადამზადების ცენტრის გახსნა

სტუ - ტექნიკური გადამზადების ცენტრის გახსნა

06-11-2018


უახლესი ტიპის ლაბორატორიები ტექნიკური უნივერსიტეტის 

ტექნიკური გადამზადების ცენტრის სტუდენტებისთვის

ვფიქრობთ, ისეთი ტიპის პროფესიული სასწავლებლის შექმნა, როგორიცაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განათლების სფეროში წარმატებული ურთიერთობის კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ტექნიკური გადამზადების ცენტრის ახალი შენობის გახსნისას განაცხადა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი სტუ-ის რექტორ, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილთან, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (აშშ) ვიცე-პრეზიდენტ ლონა სტოლისთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან, მაგდა მაღრაძესთან, BP საქართველოს გენერალურ მენეჯერთან, კრის შლუტერთან და კომპანია Festo Didactic SE-ის ევროპის რეგიონის გაყიდვებისა და საერთაშორისო ბაზრის მენეჯმენტის ხელმძღვანელ ანდრეა ჰარსთთანერთად გახსნა.

სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები დღეიდან სწავლას ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე შენობაში გააგრძელებენ. მათ საშუალება მიეცემათ, პროფესიული უნარები უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში განივითარონ და დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ. ახალ შენობაში სწავლების პროცესი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, პროფესიული კოლეჯების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, სხვადასხვა ორგანიზაციისა და ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელი პირები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები.

„პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში პროფესიულ განათლებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. დღევანდელი დღეც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, რადგან მთავრობის მხარდაჭერით გაიხსნა პროფესიული სასწავლებელი, რომელიც, ვთვლით, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში, აღჭურვილი სრულიად თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლიან, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ მომზადებას სხვადასხვა სფეროში ტექნიკური პროფილით. ეს პროფესიები ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტურია საქართველოში და ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი. ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის პროფესიული სასწავლებლის შექმნა, როგორიცაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განათლების სფეროში წარმატებული ურთიერთობის კიდევ ერთი თვალსაჩინო ნიმუშია“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ტექნიკური გადამზადების ცენტრის შექმნა უმნიშვნელოვანესი პროექტია არა მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოს ბიზნესსექტორისთვისაც.

„მივიღეთ სრულიად ახალი ტიპის ლაბორატორიული სივრცე, კომპლექსი, სადაც შეგვიძლია ოთხი მიმართულებით განვახორციელოთ სასწავლო პროგრამები, როგორც პროფესიული, ისე საბაკალავრო მიმართულებით. ჩვენი მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც გერმანელმა სპეციალისტებმა გადაამზადეს და უახლესი სასწავლო ლაბორატორიები არის გარანტია იმისა, რომ სამომავლოდ მომზადდება მაღალი რანგის პროფესიული სპეციალისტები, რომლებზეც ესოდენ დიდი მოთხოვნაა საქართველოს დასაქმების ბაზარზე. ქართული ბიზნესის მხრიდან ტექნიკური გადამზადების ცენტრის მიერ მომზადებული პროფესიული სპეციალისტებით დაინტერესება დასტურდება იმითაც, რომ ცენტრის სტუდენტები, უკვე წარმატებით არიან დასაქმებული სხვადასხვა საწარმოში“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ აღნიშნა, 5-9 ნოემბერს საქართველოში პროფესიული განათლების კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც იხსნება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით დაარსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.  

„დღეს გავხსენით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ტექნიკური გადამზადების ცენტრი, რომელიც საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებით ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოეწყოს საჯარო პარტნიორობა.  ამ პროექტში, ჯამურად 5.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. აქედან, 2,3 მლნ აშშ დოლარზე მეტი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ გაიღო. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში პროფესიულ სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, გაიარონ გადამზადება, ტრენინგები და მიიღონ მაღალი სტანდარტის პროფესიული განათლება, რაც მათ დაეხმარება ღირსეულად დასაქმდნენ საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში“ , - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის (GTTC) შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ, პროექტის - „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ ფარგლებში. ცენტრის შექმნა მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელედება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის

ფარგლებში, 2 362 910 აშშ დოლარის ოდენობით.  ცენტრის პროექტის განვითარების მიზნით, საწყის ეტაპზე, BP - საქართველომ  600 000 აშშ დოლარის ოდენობის კონტრიბუცია გასწია, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა FESTO-ს წარმოების ლაბორატორიების ნაწილის შესყიდვა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი პროექტში განხორციელდა 4.1 მლნ ლარის კონტრიბუცია, რითაც სრულად გარემონტდა სტუ-ის შენობა, რომელშიც  დღეს უკვე ცენტრია განთავსებული.

ტექნიკური გადამზადების ცენტრი, დღეის მდგომარეობით, უკვე სტუდენტების მესამე ნაკადს იღებს ოთხ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, როგორიცაა: მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი, სამრეწველო ავტომატიზაცია, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი და მექატრონიკა. ოთხივე პროფესიული პროგრამა შემუშავებულია გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული კურსდამთავრებულები პროფესიულ დიპლომთან ერთად  გერმანულ სერტიფიკატსაც მიიღებენ.

ცენტრი ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან და საწარმოსთან, როგორც მათ ბაზაზე სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის, ასევე, ბიზნესსექტორის საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი გადამზადების კურსების მომზადება-შეთავაზების მიმართულებით.


 

სიახლეებში დაბრუნება