Erasmus+ სალექციო კურსი გამოყენებითი იფნორმატიკის მიმართულებით კილისა და აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებში

Erasmus+ სალექციო კურსი გამოყენებითი იფნორმატიკის მიმართულებით კილისა და აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებში

27-10-2018 30 აპრილიდან 13 მაისამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფ. ალექსანდრე ედიბერიძემ ლექციები ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრებში კილისა და აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებში, Erasmus+ პროგრამის KA107 გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორებიც არიან გერმანიის ზემოხსენებული უნივერსიტეტები.

სამუშაო ვიზიტის განმავლობაში ქართველი მეცნიერი შეხვდა კილისა და აალენის უნივერსიტეტების ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო აკადემიურ მობილობასთან  დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, განხილული იყო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები. უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან  შეხვედრისას განხილული იქნა ქართველი სტუდენტებისათვის კილისა და აალენის უნივერსიტეტებში სწავლის თავისებურებანი.

კილის უნივერსიტეტში შეხვედრები ჩატარდა როგორც ადგილობრივ, ასევე, საზღვარგარეთიდან ჩამოსულ შემდეგ პროფესორებთან: მექსიკის პუებლას უნივერსიტეტის დეკანთან, დოქტორ ინგრიდ კირშნინგთან; კილის უნივერსიტეტის პროფესორებთან  მანცკესთან, დისპერტთან, ვაინბერგერთან და ჰერტინგთან. უნდა ითქვას, რომ ქალბატონ კირშნინგთან, ისევე, როგორც ყველა გერმანელ კოლეგასთან, გაიმართა მეტად შინაარსიანი საუბრები, დაიგეგმა ვიზიტების გაცვლა და ერთობლივი პროექტების მომზადება.
კილის უნივერსიტეტის პროფესორს რობერტ მანცკეს ინფორმატიკის თანამედროვე საკითხბზე ლექციების მოკლე კურსი  2017 წელს ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული აქვს უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ეხლა, ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში იგეგმება სტუ-ს სტუდენტებისათვის ლექციების წაკითხვა მისი მეორე ვიზიტის დროს.

კილის უნივერსიტეტში 2018 წლის 4 მაისს პროფ. ედიბერიძე დაესწრო საზეიმოდ ჩატარებულ სტუდენტურ დღეებს, რომლის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო სამსახურის უფროსი ქალბატონი ქრისტინ ბუდენი. აქ, სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ერთად იყვნენ კილში სასწავლებლად  ჩამოსული ქართველი სტუდენტებიც.

აალენის უნივერსიტეტში, ასევე, ჩატარდა არაერთი შეხვედრა, კერძოდ, დეკანთან, პროფ. კლაუკთან, ინდუსტრიალური მენეჯმენტის დეპარტამენტის  უფროსთან, პროფ. ჰოლცბაურთან; ინფორმაციული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამსახურის უფროსთან, ჰოლსტთან; საერთაშორისო განყოფილების დირექტორთან კრომთან.
სტუ-ს პროფ. ალექსანდრე ედიბერიძემ დასახელებულ უნივერსიტეტებში საინჟინრო ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  გერმანელი და უცხოელ სტუდენტებისათვის (დანია, პოლონეთი, პაკისტანი, იორდანია და სხვ.) ჩაატარა ლექციები გამოყენებითი ინფორმატიკის მიმართულებით.

სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციის საკითხების განხილვისათვის ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში ქართველი მეცნიერი ასევე შეხვდა ზემოთ ჩამოთვლილ ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს. სამუშაო შეხვედრებზე მის მიერ წაკითხული იქნა ლექცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ.
ასევე, აალენის უნივერსიტეტთან ერთად დაიგეგმა ახალი ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტის მომზადება ინტერნეტის თანამედროვე განვითარების პრობლემების თემაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამების ფარგლებში. პროექტის  განხორციელებისათვის შეიქმნება კონსორციუმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება.

 

სიახლეებში დაბრუნება