სტუ-სა და ფოჯას უნივერსიტეტის I ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“

სტუ-სა და ფოჯას უნივერსიტეტის I ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“

23-10-2018 17-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის (იტალია) პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა არა მარტო ტექნიკურ მიმართულებებს, არამედ მენეჯმენტის, ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის, აგრარულ და ბიოსამედიცინო სფეროებს, ბიზნესსაქმიანობაში ტექნოლოგიების კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების საკითხებს.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები საქართველოდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან...

კონფერენციის გახსნას დაესწრო საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი. მან სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს, ისაუბრა ქართულ-იტალიურ ურთიერთობებზე. მან განსაკუთრებით აღნიშნა კონფერენციის მრავალფეროვანი და საინტერესო თემატიკა, რომ კონფერენციის იდეა და ინიციატივა მოდის ქართველი დოქტორანტისგან, რომელიც ამჟამად იტალიაში სწავლობს და იტალიელ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ უცხოელ  კოლეგებს.

როგორც რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა, მრეწველობის დარგების განვითარების დინამიკა საქართველოში მნიშვნელოვნადაა განპირობებული საუნივერსიტეტო ინოვაციურ  შემოქმედებაზე.  ამ მხრივ მთელ მსოფლიოში ახალი ტენდენციებია. უნივერსიტეტში იძენენ (ამ მხრივ მოწინავე გახლავთ ა.შ.შ.) ინოვაციური  პროდუქტის  წარმოების ფუნქციებს. მნიშვნელოვანია რეგულირების ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც სტიმულს მისცემს ინოვაციურ-შემოქმედებით-სამეწარმეო  განვითარებას. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ სფეროშიც ფოჯას უნივერსიტეტთან და იტალიის ბიზნესთან. ერთობლივი წარმოებების ჩამოსაყალიბებლად და ინვესტიციების მოსაზიდად.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის, ოთარ ზუმბურიძის განცხადებით, კონფერენცია ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობის შედეგია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ფოჯას უნივერსიტეტი უკვე ორ წელიწადზე მეტია, თანამშრომლობენ. განხორციელებული აქვთ რამდენიმე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს და განამტკიცებს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს. 

კონფერენციის იდეის ავტორმა, ერთობლივი საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზატორმა, სტუ-ს დოქტორანტმა ნინო ადამაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია ემსახურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის კიდევ უფრო დაახლოებას. „ფოჯას უნივერსიტეტს უდიდესი გამოცდილება აქვს აგრარულ სფეროში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს - ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც ცოდნის გაზიარების კარგ შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა მან.

აგრარული ეკონომიკის ასოცირებულმა პროფესორმა ფოჯას უნივერსიტეტიდან, მარიანტონიეტა ფიორემ, კონფერენციის მონაწილეებს SFSC-ში ინოვაციებისა და დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ფოჯას უნივერსიტეტის აკადემიურმა დოქტორმა, პროექტების მენეჯერმა ფედელე კოლანტუონომ, SKIN პროექტის ქსელის მართვის შესახებ ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართვლობის ხელშეწყობით, გაიმართა ონლაინსესია. ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და და ფოჯას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაცვალეს აზრები თემაზე: ციფრული ტექნოლოგიების გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე. ვორკშოპს უძღვებოდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი სულაშვილი, პროფესორი ოთარ ბაღათურია, ფოჯას უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლა ფაჩილონგო და დოქტორანტი ფიორელა პია სალვატორე, ასევე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორის მაგისტრატურის სტუდენტები მარიამ თხინვალელი და ნინო დემინაშვილი.

კონფერენციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ. მათ კვლევითი ცენტრის საზოგადოებასთან და რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ჩხარტიშვილმა უმასპინძლა. სტუმრებმა ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. 

უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტმა. ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ქვარცხავამ კონფერენციის მონაწილეებს ფაკულტეტზე არსებული თანამედროვე სამეცნიერო ბაზები და ლაბორატორიები დაათვალიერებინა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურმა კონფერენციის სტუმრებისთვის, ასევე, მოაწყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ფოჯას უნივერსიტეტი თითქმის სამი წელია, თანამშრომლობენ. ორი უნივერსიტეტის დაახლოებასა და აქტიურ თანამშრომლობას ხელი შეუწყო ფოჯას უნივერსიტეტის საეთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, ერაზმუს+ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა ჯულიო ესპოზიტომ. მისი თაოსნობით, 2016 წელს ფოჯას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი.

2017 წელს სტუ-ის 3-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო იტალიის რეგიონ პულიას მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროექტებში MUSA და MOBIS, რომლებიც გულისხმობდა ერთი აკადემიური სემესტრით ფოჯას უნივერსიტეტში სწავლებას (30 კრედიტის დაგროვებით).

2018 წელს, „ერაზმუს+“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფოჯას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ინტერინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც უკვე ძალაში შევიდა.

 

სიახლეებში დაბრუნება