სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია „ქიმია - მიღწევები და პერსპექტივები“

სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია „ქიმია - მიღწევები და პერსპექტივები“

20-10-2018 20 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით აღინიშნა ქართველ ქიმიკოსებს შორის საქართველოს ეროვნული აკადემიის ერთადერთი აკადემიკოსის, გივი ცინცაძის დაბადების 85 წლის იუბილე. საგულისხმოა, რომ მსოფლიო ქიმიის ისტორიაში მხოლოდ 9 ქართველი ქიმიკოსია შესული და აკადემიკოსი გივი ცინცაძე ართ-ერთი მათგანია. მეცნიერებმა ღვაწლმოსილ მეცნიერს იუბილე მიულოცეს სამეცნიერო-მეთოდური კონფერენციით - „ქიმია - მიღწევები და პერსპექტივები“.

„დღეს, ჩვენი სახელოვანი უნივერსიტეტის კედლებში, გამორჩეულ მეცნიერს, განათლებისა და მეცნიერერების სფეროს ღვაწლმოსილ წარმომადგენელს, ბატონ გივი ცინცაძეს იუბილეს ვულოცავთ. ბატონი გივისგან არაერთგზის გვცხებია მისი სიკეთის მადლი და დღეს გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ამისთვის, განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით მივმართოთ და ვუსურვოთ ხანგრძლივი, ჯანმრთელი სიხცოცხლე“, - ასე მიულოცა დაბადების დღე დიდ მეცნიერს, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.


„ბატონი გივი ცინცაძე თავისი უბრალოებით, ადამიანური ღირსებითა და მაღალი პროფესიონალიზმით ყოველთვის იმსახურებდა პატივისცემას. ბატონმა გივიმ შექმნა ქიმიაში სახელმძღვანელოები, რომლითაც, დღეს, ჩვენი შვილები  ქიმიას სწავლობენ. სწორედ ბატონი გივის დამსახურებაა, რომ ქართველი ბავშვები, ქართულ სკოლაში, ქართულ ენაზე, ორიგინალური სახელმძღვანელოებით ეუფლებიან ამ საგანს. 
ბატონი გივი არის არა მხოლოდ ქიმიკოსი, რომელმაც საქართველოს სახელი გაუთქვა მსოფლიოში, არამედ ის არის მეცნიერი, რომელმაც თავისი ნაშრომები პრაქტიკულად, უშუალოდ წარმოებაში გამოიყენა. ამას, უდავოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგი მეცნიერი იკვლევს და პრაქტიკაში განხორციელება არ შეუძლია. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ბატონი გივი ქიმიის ისტორიის ისტორიკოსიცაა. მას, თავის კოლეგებთან ერთად, აქვს ნაშრომი, რომელშიც აღწერილია პეტრე ბაგრატიონის, როგორც მეცნიერის დამსახურება, რომელიც  უდიდესი ქართველი ქიმიკოსი იყო და რომლის შრომები, სამწუხაროდ სხვა ერს ჩაეთვალა მემკვიდრეობად“, - განაცხადა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ.

აკადემიკოს გივი ცინცაძის სამეცნიერო ღვაწლის შესახებ ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს კოლეგებმა - საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერებმა და მკვლევრებმა.

აკადემიკოსი გივი ცინცაძე ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორია. სხვადასხვა დროს იყო ანალიზური ქიმიის, ზოგადი და არაორგანული ქიმიის, ზოგადი და ბიოარაორგანული ქიმიის კათედრების გამგე; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი; ქიმიური და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1971 წელს, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე - "ლითონების ციანატური, თიოციანატური და სელენოციანატური ნაერთების გამოკვლევა". 
გამოქვეყნებული აქვს 400-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 40 სახელმძღვანელო და 7 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზს, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევას. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: უკრაინის სახელმწიფო პრემია მეცნიერებასა და ტექნიკის დარგში; საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; ღირსების ორდენი; გ.ნიკოლაძისა და ივ.ჯავახიშვილის სახ. მედლები.


 

სიახლეებში დაბრუნება