VI საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - „ეროვნული ეკონომიკის მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“

VI საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - „ეროვნული ეკონომიკის მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“

13-10-2018

13 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობას შეუდგა მე-6 საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - „ეროვნული ეკონომიკის მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“. ღონისძიება ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.

 ორდღიანი  სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში გაიხსნა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ტარდება.

კონფერენციის მუშაობაში ჩართულია 175 მონაწილე, მათ შორის 29 უნივერსიტეტიდან (10 ქართული და 19 სხვადასხვა ქვეყნის), ასევე, ქართული და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, ეკონომიკის ექსპერტები და მკვლევარები. კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

სტუ-ის რექტორის მოადგილემ, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის  მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოს წინაშე ეროვნული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დგას.

„ტექნიკური უნივერსიტეტი არაერთ მნიშვნელოვან, საერთაშორისო დონის კონფერენციას მასპინძლობს. ამ ეკონომიკური ფორმატის ღონიძიებაზე ფართო სამეცნიერო აუდიტორიაა წარმოდგენილი - მონაწილეობენ არაერთი ქართული და უცხოური უნივერსიტეტის მკვლევარები. კონფერენციას გააჩნია თავისი ღრმა შინაარსი და მან უნდა შეძლოს ეკონომიკური ხედვებისა და მიმართულებების შეჯერება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება-გამოყენება იმ მიზნით, რომ მოხდეს სამომავლო გეგმების დასახვა. „გუშინ, დღეს, ხვალ“ - კონფერენციის ლაიტმოტივია. თუ ჩვენ არ გავიაზრებთ წარსულის გამოცდილებას და დღევანდელობას, ვერ დავგეგმავთ ეროვნული ეკონომიკის ხვალინდელ დღეს“, -  აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

შეკრებილ საზოგადოებას, ასევე, მიმართეს სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსმა, პროფ. ალექსანდრე სიჭინავამ, სტუ-ის სენატის თავმჟდომარემ, პროფ. ჯემალ გახოკიძემ, ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორმა რომუალდას გინევიჩიუსმა, სტუ-ის ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფ. ვიდას კავალიაუსკასმა, სტუ-ის პროფესორმა ნოდარ ჭითანავამ, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიორგი ღავთაძემ, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, მიხეილ ჯიბუტმა და სხვ.

კონფერენციის თანათავმჯდომარის, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის, პროფ. ალექსანდრე სიჭინავას თქმით, კონფერენციის სახელწოდებისა და ძირითადი თემების შერჩევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტებთან შეთანხმებით მოხდა. ღონისძიების საბოლოო მიზანია, იმგვარი ეკონომიკური მოდელის შემუშავება, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მეტად მისაღები იქნება.

„დაუშვებელია და შეუძლებელიც, რომელიმე ქვეყნის ეკონომიკური მოდელის პირდაპირ გადმოღება და ჩვენი ქვეყნისთვის მორგება. ჩვენი უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტს მრავალწლიანი კავშირები აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და მათ სამეცნიერო წრეებთან. ჩვენ ისეთი ოპტიმალური ეკონომიკური მოდელი უნდა შევქმნათ, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოერგება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კონფერენცია სწორი და სასიკეთო მიმართულებით მუშაობს. წლების განმავლობაში, ჩვენ არაერთი ეკონომიკური საკითხი შევისწავლეთ. რაც დრო გადის, უფრო მეტი უცხოელი კოლეგა ერთვება კონფერენციის მუშაობაში და თავის გამოცდილებას გვიზიარებს. ეს ისეთი ქვეყნებია, რომლებიც, წლების წინ, ეკონომიკური თვალსაზრისით, დაახლოებით, ისეთივე მდგომარეობაში იყვნენ, როგორშიც ჩვენი ქვეყანაა დღეს. სწორედ მათთან თანამშრომლობით ვმუშაობთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელის შექმნაზე“, - აღნიშნა ალექსანდრე სიჭინავამ.

კონფერენციის გახსნაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვილნიუსის ბიზნესის კოლეჯს (ლიეტუვა) შორის თანამშრომლობის მომორანდუმსაც მოეწერა ხელი. დოკუმენტი ქართულ და ლიეტუვას უნივერსიტეტებს შორის სამომავლო კოოპერაციის პერსპექტივას მოიცავს. მემორანდუმის თანახმად, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, უახლოეს მომავალში,  ვილნიუსის კოლეგიასთან სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობის, ერთობლივი კვლევების, აკადემიური თუ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ.

ორი დღის მანძილზე, კონფერენციის სექციები ოთხი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს: ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრობლემები, ეკონომიკის სექტორების განვითარების თანამედროვე პრობლემები, აგრობიზნესისა და ტურიზმის განვითარების სტრატეგიები და ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტები.

კონფერენცია მუშაობას 14 ოქტომბერს დაასრულებს.

 

სიახლეებში დაბრუნება