საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი „ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან“

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი „ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან“

12-10-2018 11-12 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებულ ლიტევუას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ორდღიანი სემინარი - „ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან“.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი გიედრიუს პუოჯიუნასი და ლიეტუვას რესპუბლიკიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ჩამოსული სტუმრები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა. მასპინძლებს და თანამემამულე სტუმრებს სიტყვით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა გიედრიუს პუოჯიუნასმა.
 
ლიეტუვას სახელმწიფოებრიობის 100 წელი და ლიეტუვას მცდელობები სახელმწიფოებრიობის განმტკიცება-შენარჩუნებისათვის - აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის პროფესორმა, იონას ვაიჩენონმა. საქართველოს და ლიეტუვას სამეცნიერო კავშირების შესახებ კი ყურადღება გაამახვილა სტუ-ის პროფესორმა, ლალი გოჩიტაშვილმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტუანისტიკის ცენტრში ლიეტუვური ენის, კულტურისა და მეცნიერების შესწავლის პროცესი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიდას კავალიაუსკასმა შეაფასა, ხოლო ცენტრისა და ვილნიუსის კოლეგიის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოხსენება ვილნიუსის კოლეგიის წარმომადგენელმა, ნიოლე ზინკევიჩიემ წაიკითხა.

„ჩვენი ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეტაპზე, უმნიშვნელოვანესი იყო უნივერსიტეტის გახსნა. ეს იყო დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი. დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთ-ერთ უძველეს და დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში, სადაც დიდი სიყვარულითა და მონდომებით მუშაობს ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი. ეს ორი ერის მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი ნიშანია“, - ასე შეაფასეს სტუმრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მუშაობა.
 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებას ლიეტუვას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი; სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ლიეტუვას პარლამენტის წევრი, პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პაველიონისი, სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ცენტრის თანამშრომლები და სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ 26 მაისს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა: „ამიერიდან ლიეტუვა საქართველოს ლიეტუვას ენაზეც „საქართველოს“ უწოდებს -  ეს ერთგვარი სიმბოლური საჩუქარია“.

 

სიახლეებში დაბრუნება