მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში

02-12-2012

მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის

2 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეექვსედ უმასპინძლა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს. 2 დეკემბერს თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში - პარალელურად - ჩატარდება პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, რომელიც მოიცავს მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეს უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით. ტრადიციულად, ამავე დღეს ჩატარდება სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური პირველობა. 4 დეკემბერს ჩატარდება პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა. ღონისძიების დახურვა ჩატარდება ოთხშაბათს, 5 დეკემბერს.
პირველი ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა 2000 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ღონისძიების პირველი დირექტორი იყო სტუ-ს თანამშრომელი, ზურაბ გოგიშვილი. 2001 და 2002 წლებშიც ამ ღონისძიებას უმასპინძლა სტუ-მ. 2003 და 2004 წლებში სამხრეთ კავკასიის გუნდებმა თავი მოიყარეს ერევანში, სადაც შეჯიბრებას უმასპინძლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამავე დაწესებულებამ უმასპინძლა ღონისძიებას 2006 წელსაც. 2005, 2007 და 2008 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 2009 წელს ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.
2010 და 2011 წლებში, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, შეჯიბრების მასპინძელი კვლავ საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. მიმდინარე წელსაც შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი, სათავეში ჩაუდგა ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტს. შეჯიბრების ჟიურის თავმჯდომარეა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ხოლო ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე - პროფესორი ზურაბ წვერაიძე.
მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად არის აღიარებული. იგი ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, ასოციაცია ACM (Association for Computing Machinery)-ის მიერ და ცნობილია დასახელებით ACM ICPC (International Collegiate Programming Contest).
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ნახევარფინალური რეგიონი (NEERC – North-Eastern European Regional Contest), რომელშიც შედის სამხრეთ კავკასიის ჯგუფი, ერთ-ერთი უდიდესია იმ 40-ზე მეტ ნახევარფინალურ რეგიონს შორის, რომლებზედაც დღეისთვის დაყოფილია მსოფლიო და ამასთანავე, ერთ-ერთი უძლიერესია თავისი შემადგენლობით. წელს სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, გარდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილე გუნდებისა, იქნება რამდენიმე ძლიერი გუნდი, დაკომპლექტებული მონაწილეებით, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არა აქვთ უფლება გამოვიდნენ სტუდენტთა შორის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში. ეს იქნება პირველ რიგში უძლიერესი მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები. მონაწილეთა შორის იქნება აგრეთვე გასული წლების წარმატებული ოლიმპიელები, რომელთაც ამოწურეს მსოფლიო ჩემპიონატებში გამოსვლის ლიმიტი.



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები