კომენტარი

13-11-2012
არჩილ ფრანგიშვილი სტუდენტი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
 
12 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ, 20-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით, აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორები არიან “მოძრაობა სოლიდარობის” ლიდერი ივანე მეფარიშვილი და “დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული კორპუსის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნებია: 1. გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი; 2. დაინიშნოს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები; 3. გადაიხედოს სტუ-ის ბიუჯეტი.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის წინ გამართულ აქციასთან და ახალგაზრდების ჯგუფის მოთხოვნებთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს და მიიჩნევს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
 
რექტორი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სტუდენტებს შორის არსებული დაპირისპირება. სტუდენტების გარკვეული ჯგუფის  მოთხოვნაა, რომ იგი ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. რექტორს შეუძლია მხოლოდ ურჩიოს, სტუდენტური რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე - მიზანშეწონილია თუ არა თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები. არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები დაახლოებით ერთი წელია, სვამენ ერთსა და იმავე კითხვებს და არ აინტერესებთ მათზე პასუხი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამგვარი ქმედების მიზანი დესტაბილიზაციის გამოწვევაა უნივერსიტეტში.
 
არცილ ფრანგიშვილი პუნქტობრივად განიხილავს მოთხოვნებს და არ ეთანხმება მათ.
 
რექტორი აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება, თითქოს სტუ-ის ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია-განახლებაში 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. სინამდვილეში, დახარჯულია 191 000 ლარი. არც ისაა სიმართლე, თითქოს ბიბლიოთეკაში არ არის საკმარისი წიგნები. სინამდვილეში, ბიბლიოთეკაში სასწავლო პროგრამების შესაბამისი 2 მილიონზე მეტი წიგნია.
 
რაც შეეხება შენობების გათბობას, არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, თბება ყველა კორპუსი, პირველი კორპუსის მცირე ნაწილის გარდა, რომელიც შარშან ელექტროგამათბობლებით თბებოდა. ამჟამად მიმდინარეობს ტენდერი აღნიშნული ფართობის გათბობის სამუშაოებზე.
 
რაც შეეხება განვითარების პრიორიტეტებს, რექტორის განმარტებით, ისინი ნათლადაა ჩამოყალიბებული უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში, რომელიც განთავსებულია ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gtu.ge) და დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ.
 
არჩილ ფრანგიშვილი აცხადებს, რომ პრეტენზია ინფრასტრუქტურის არარსებობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. სტუ-მ გაიარა ავტორიზაცია 2012 წლის აგვისტოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სწორედ სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობა. სტუ-ს აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნიკალური ლაბორატორიები. ამასთან, ბიუჯეტით გათვალისწინებულია ახალი ლაბორატორიებისა და სასწავლო აუდიტორიების მოწყობა.
 
რაც შეეხება ბიუჯეტს: მას ადგენს არა რექტორი, არამედ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. არჩილ ფრანგიშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტი არის შედგენილი სწორად, რის თაობაზედაც შესაძლებელია საუბარი პუნქტობრივად.
 
არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, არც ის შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სამეცნიერო მიმართულებით 10 000 ლარია გამოყოფილი. რეალურად, სამეცნიერო თემატიკაზე უნივერსიტეტში წელიწადში  4 მილიონამდე ლარი იხარჯება. ტექნიკური უნივერსიტეტის დამკვეთები არიან მსოფლიოში ცნობილი კვლევითი ცენტრები და კორპორაციები. სტუ ასრულებს CERN-ისა და იულიხის ბირთვული ცენტრის დაკვეთებს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობენ ამ ცენტრებში. რამდენიმე თვის წინ იულიხის ბირთვულმა ცენტრმა სამუშაოდ მიიწვია სტუდენტთა ჯგუფი. გარდა ამისა, სტუ-ს მსოფლიოში აღიარებულ წამყვან უნივერსიტეტებთან აქვს დადებული ხელშეკრულებები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
 
რაც შეეხება რექტორის კაბინეტიდან სტუდენტების გატაცების ბრალდებას, არჩილ ფრანგიშვილის განმარტებით, იგი არ შეესაბამება სინამდვილეს. არსებობს ლეგალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს მისი და სტუდენტების შეხვედრას, რომლის შემდეგაც ახალგაზრდები კაბინეტიდან შეხვედრის შედეგით კმაყოფილები გადიან.
 
დაბოლოს, რაც შეეხება ბატონი  ნ. უღრელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, არსებობს 2012 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტი, ელიტა ბურჯის გენერალური დირექტორის მიერ მოწერილი მადლობის წერილი, საიდანაც სრულად დასტურდება აღნიშნული განცხადების უსაფუძვლობა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები