ბრიფინგი

15-11-2012

სტუ-ის თვითმმართველობამ და აქციის მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

15 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მართებულად არ მიაჩნიათ პრობლემების გადაწყვეტა აქციებისა და სხვა მსგავსი მოქმედებების გზით. 

"ამიტომ შევეცადეთ, სამუშაო რეჟიმში განგვეხილა წამოჭრილი საკითხები და შევთანხმდით: სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობის წევრები მზად ვართ, საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით და კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დავიწყოთ მუშაობა სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", - განაცხადეს მათ. 

სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრების თქმით, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები იძლევა იმის საშუალებას, რომ კანონიერად და ცივილიზებულად მოგვარდეს ყველა პრობლემა. 

"ამასთან ერთად, ქვეყნისა და უნივერსიტეტების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ ყველა კომპეტენტურ პირს და ორგანიზაციას, არსებული საერთაშორისო პრაკტიკის საფუძველზე, დაიწყოს ერთობლივი მუშაობა სტუდენტური თვითმმართველობების ფუნქციებისა და როლის განსაზღვრის შესახებ, რათა ერთხელ და სამუდამოდ სრულად გადაიჭრას თვითმმართველობების დეპოლიტიზების საკითხი", - აღნიშნულია მიმართვაში. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები