I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მწვანე არქიტექტურა და მშენებლობა, როგორც ინტეგრირებული აზროვნების პროცესი“

I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მწვანე არქიტექტურა და მშენებლობა, როგორც ინტეგრირებული აზროვნების პროცესი“

04-10-2018 3 ოქტომბერს, არქიტექტურის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში ჩატარდა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მწვანე არქიტექტურა და მშენებლობა, როგორც ინტეგრირებული აზროვნების პროცესი“.

კონფერენციის სლოგანს წარმოადგენდა „მწვანე არქიტექტურა მდგრადი მომავალი“.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი; შპს ახალი ტექნოლოგიების ცენტრი; საქართველოს არქიტექტორთა კავშირი; ქალაქთმშენებლობითი ეკოლოგიის პრობლემების შემსწავლელი სასწავლო სამეცნიერო ცენტრი; არქიტექტურული განათლების ხელშემწყობი და სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ცენტრი.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მწვანე არქიტექტურისა და საინჟინრო–სამშენებლო ტექნოლოგიების უახლესი ტენდენციებისა და მათი დანერგვის ვექტორების განსაზღვრა არქიტექტურულ–შემოქმედებით, საინჟინრო–სამშენებლო და სასწავლო–აკადემიურ სივრცეში.

ღონისძიება ითვალისწინებდა არქიტექტურულ–სამშენებლო დარგის სპეციალისტების, სტუდენტების, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების მოღვაწეობის ხელშეწყობას მწვანე არქიტექტურის განვითარების კუთხით, რაც თავის მხრივ, გაზრდის ანტროპოგენული სივრცის ხარისხს და შეამცირებს ან აღმოფხვრის უარყოფით გავლენას ბუნებრივ გარემოზე.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი სპეციალისტები (სულ 14 მოხსენება). მომხსენებლებმა ისაუბრეს მწვანე მშენებლობის აქტუალურ საკითხებზე, წამოჭრეს რიგი პრობლემები და შემოგვთავაზეს მათი გადაწყვეტის გზები. ასევე, განხილული იქნა დღევანდელ საქართველოში მწვანე მშენებლობაში  არსებული რეალობები და  გამოწვევები; მდგრადი დიზაინის ფილოსოფიური საწყისები და მისი ევოლუცია; ენერგიისა და ბუნებრივი რესურსებისადმი ხარჯთეფექტური მიდგომები.

უცხოელმა სპეციალისტებმა ისაუბრეს მწვანე კლასტერების მუშაობის პრინციპებზე და მათ როლზე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების საქმეში, ლუბლიანას მაგალითზე. მათ განიხილეს ინოვაციური მწვანე მშენებლობის კლასტერის შექმნის იდეა, როგორც საქართველოს შენობათა სექტორის სწორი განვითარების ეფექტური ხერხი, ასევე, მწვანე საკონსულტაციო აპლიკაციის მუშაობის პრინციპები და მისი ქართული ვერსიის შექმნის შესაძლებლობა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მწვანე არქიტექტურის პრინციპებით აგებული და დაპროექტებული პირველი შენობა–ნაგებობები თბილისში. ასევე, წარმოდგენილი იქნა თბილისის ახლად აშენებული რამოდენიმე უბანი, რომლებიც არღვევენ ქალაქის ეკოსისტემას და პრობლემატურია.

კონფერენციის მეორე ნაწილში გაიმართება დისკუსია და შედგა რეზოლუციის პროექტი. გამოიკვეთა რიგი პრობლემური საკითხები. აღინიშნა, რომ არსებობს ცოდნის დეფიციტი, არასაკმარისადაა განვითარებული ეკოლოგიური განათლება და საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული დიზაინის გაძლიერება. სამეცმიერო-პრაქტიკული კონფერენციის მუშაობის მანძილზე გამოიკვეთა  დარგობრივი მედია საშუალებების არსებობის აუცილებლობა და რომ ამასთან დაკავშირებით უნდა განვითარდეს მწვანე ჟურნალისტიკა. აღნიშნული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა, არასრულფასოვანი მენეჯმენტის პრობლემა. საგულისხმოა, რო, აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, საზოგადოების მეტი ჩართულობა, სერტიფიცირების საკითხების დახვეწა და სხვა.

საბოლოოდ, ხაზგასმული იქნა ღონისძიების აქტუალობა, რომ საფუძველი ჩაეყარა ისეთ მნიშვნელოვან კონფერენციას, რომელიც დიდწილად დაეხმარება მწვანე არქიტექტურის, მშენებლობის და ეკონომიკის განვითარებას საქართველოში.

 

სიახლეებში დაბრუნება