ქართულ-პოლონური ერთობლივი სამეცნიერო ექსპედიცია საქართველოს ტყეების კომპლექსური კვლევის ფარგლებში

ქართულ-პოლონური ერთობლივი სამეცნიერო ექსპედიცია საქართველოს ტყეების კომპლექსური კვლევის ფარგლებში

01-10-2018 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ტყეების კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ქართველმა და პოლონელმა სპეციალისტებმა ქართულ-პოლონური ერთობლივი სამეცნიერო ექსპედიცია განახორციელეს. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში კავკასიის ეკორეგიონების ტყეების ევოლუციური ისტორიის რეკონსტრუქცია; საქართველოს ტყის შემქმნელი სახეობების: სოსნოვსკის ფიჭვის, აღმოსავლური ნაძვის, კავკასიური სოჭის, წიფლის, წაბლის და მურყანის ბუნებრივი პოპულაციების მოლეკულური-გენეტიკური კვლევა; შიდასახეობრივი ერთეულების წარმოქმნისა და დემოგრაფიულ ისტორიაზე მსჯელობის მიზნით, თითოეული სახეობის პოპულაციებისათვის გენეტიკური მრავალფეროვნების ხარისხის დადგენა; ექვსივე სახეობისათვის კონსერვაციული პრიორიტეტის მქონე გენეტიკური მრავალფეროვნების კერების დადგენა და მათი რუქაზე მონიშვნა და კლიმატის გლობალური ცვლილების პირობებში აღნიშნული სახეობების არეალების შესაძლო ცვლილებების დინამიკის მოდელირება.

საველე სამუშაოებმა ჩამოთვლილი სახეობების გავრცელების თითქმის მთელი არეალი მოიცვა და საკვლევი მასალა აღმოსავლეთ საქართველოში - მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, ალგეთის ეროვნულ პარკში, ატენის ხეობაში, ასპინძის  მიდამოებსა და ხევსურეთში, დასავლეთ საქართველოში კი - ლუგელასა (ხობისწყლის სათავეები) და ლებარდეს ხეობებში (ტეხურის სათავეები), საირმეში, ბახმაროში, გომისმთაზე, მტირალას ეროვნულ პარკში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიასა და მთიან აჭარაში (ხულო, ქედა, შუახევი) შეგროვდა.

ასევე, ექსპედიციის ფარგლებში განხორციელდა წაბლისა და ბზის კორომების დაავადების ხარისხზე დაკვირვება და შემდგომი კვლევებისათვის მასალის აღებაც.

ექსპედიციაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემათა ინჟინერინგის ფაკულტეტის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა ქალაქ კურნიკის დენდროლოგიის ინსტიტუტის დოქტორებმა მონიკა დერინგმა და გრჟეგორჟ იჟკულომ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 5-წლიანი საკვლევი თემა დაფინანსებულია პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ და საველე სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს სვანეთში, რაჭაში, ბორჯომის ხეობასა და თბილისის მიდამოებში განხორციელდა.

  

  


 

სიახლეებში დაბრუნება