პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრენინგ-კურსები

პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრენინგ-კურსები

25-07-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის პროექტში “PRINTeL” – (Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries) „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, გათვალისწინებულია 5-დღიანი ინტენსიური (დაჩქარებული) ტრენინგ-კურსები სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც ჩატარდება პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, კერძოდ:  ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია), ბარსელონის უნივერსიტეტი (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი) და გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია).

ტრენინგ-კურსების მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერებისა და ინსტრუქტორების მომზადება, სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებსა და სტუდენტებს. აღნიშნულ ტრენინგ-კურსებზე დასასწრებად სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისათვის გათვალისწინებულია 11 ადგილი.

ტრენინგ-კურსებში მონაწილეობის ხარჯებს დაფინანსდება PRINTeL პროექტის ბიუჯეტიდან.

კანდიდატების შერჩევა ხორციელდება სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო მოთხოვნების საფუძველზე. საკონკურსო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები შემდეგია:
1. სტუ-ს აკადემიური პერსონალი;
2. ინგლისური ენის კარგი ცოდნა (კანდიდატებს მოეთხოვებათ ენის ცოდნის მინიმუმ B2 დონე);
3. ძირითადი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნის უნარ-ჩვევები;
4. კანდიდატი რომელიც შეირჩევა კონკურსით, ვალდებულია ტრენინგიდან 3 თვის განმავლობაში სულ მცირე 10 კოლეგა-მასწავლებლი გადაამზადოს ტრენინგის თემატიკით. აღნიშნული ვალდებულების შეთანხმება გაფორმდება პასუხისმგებელ კანდიდატსა და პროექტის ინსტიტუციონალურ კოორდინატორს შორის შესაბამისი დოკუმენტით.

მოთხოვნილი საბუთები:
1. კანდიდატის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა უნივერსიტეტში დასაქმების შესახებ (ინგლისურ ენაზე);
3. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატი ასწავლის ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება);
4. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
5. EUROPASS CV;
6. სარეკომენდაციო წერილი.

 კონკურსში შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს:
1. რომლებსაც აქვთ  პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ტრენერობის გამოცდილება;
2. აპლიკანტებს რომლებიც მზად არიან 2 წლის განმავლობაში გააგრძელონ აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა;
3. აპლიკანტებს  რომლებიც არიან 50 წლამდე ასაკის.   

საბუთების მიღების ბოლო ვადა - 2018 წლის 4 სექტემბერი.

მისამართი: საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221; ოთახი N223; ოთახი N225 ან ელ: ფოსტა erasmusplus@gtu.ge

კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 5-6 სექტემბერს და შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2018 წლის 7 სექტემბრისა.

პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს.

 

სიახლეებში დაბრუნება