საგანგებო შეხვედრა მინდელის ქვანახშირის შახტში ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

საგანგებო შეხვედრა მინდელის ქვანახშირის შახტში ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

25-07-2018

25 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტის, პროფ. რევაზ სტურუას ინიციატივით, სამთო საზოგადოების წევრები, სამთო დარგის მეცნიერები და სპეციალიტები, დარგის ექსპერტები, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქვანახშირის შახტებში დასაქმებულები საგანგებოდ შეიკრიბნენ.
 
სამთო დარგის სპეციალისტთა შეკრების მიზანი იყო საქართველოში, კერძოდ, კი, ტყიბულში, მინდელის ქვანახშირის შახტში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების განხილვა, შეფასება და რეზოლუციის სახით, რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება-მიღება, რასაც სამთო საზოგადოება უახლოეს მომავალში  საქართველოს მთავრობას გაუგზავნის.
 
განხილვის შემდეგ, სამთო დარგის სპეციალისტებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც 12 ძირითადი რეკომენდაციისაგან შედგება, კერძოდ:
  1. სრულყოფილ იქნას შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოქმედი რეგლამენტები და სტანდარტები ქვანახშირის მომპოვებელ წამყვან ქვეყნებში მოქმედი რეგლამენტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
  2. მკაცრად იქნას დაცული შრომითი დისციპლინის, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები (შრომის უსაფრთხოების მუდმივი ინსტრუქტაჟი სამუშაო ადგილების მიხედვით, მიწისქვეშა ტექნოლოგიური პროცესების ტექნიკური და ვიდეომონიტორინგის თანამედროვე საშუალებათა ინფრასტრუქტურის შექმნა, მუშა-მოსამსახურეთა ყოველწლიური სამედიცინო კონტროლი);
  3. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები, როგორც შიდა საშახტო, ასევე სახელმწიფო, უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით;
  4. შახტის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის დანიშვნა შესაბამის თანამდებობაზე განხორციელდეს უსაფრთხოების მოთხოვნათა სფეროში სწავლებისა და ატესტაციის გავლის შედეგების გათვალისწინებით;
  5. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს პროფესიული განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება, რაც ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (მათ შორის „ამფეთქებლის“) შემოღებას უზრუნველყოფს;
  6. გავრცელდეს და სრული მასშტაბით ამოქმედდეს ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ტყიბულის რეგიონისთვის;
  7. განხორციელდეს ცემენტის წარმოებაში გამოყენებული კლინკერის იმპორტზე საბაჟო გადასახადების რეგულირება, ტყიბულის ნახშირზე წარმოებული კლინკერის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით;
  8. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტზე ციცაბოდ დახრილი ფენების დამუშავებისას, რეკომენდაცია მიეცეს საერთაშორისო პრაქტიკაში ანალოგიურ სამთო-გეოლოგიურ პირობებში წარმატებით გამოყენებულ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტყიბულის პირობებისთვის ადაპტირებულ საქვესართულე შტრეკებზე მოპოვების ტექნოლოგიას КПВ-2 კომპლექსის გამოყენებით;
  9. ტყიბულის ნახშირის წარმოების გრძელვადიანი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად, დაჩქარდეს ქვანახშირზე მომუშავე 300 მვტ თბოელექტროსადგურის მშენებლობა;
  10. დაჩქარდეს ტყიბულის 13,2 მვტ ელექტროსადგურის რემონტი და ექსპლუატაციაში გაშვება;
  11. ჩამოთვლილი ღონისძიებების რეალიზაციამდე მინდელის სახელობის შახტზე განხორციელდეს საკადრო ცვლილებები და გაგრძელდეს ქვანახშირის მოპოვება არსებული ტექნოლოგიის, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვისა და კონტროლის მექანიზმის მოქმედების პირობებში;
  12. შეიქმნას სამთო დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისთტთაგან დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო 3-5 წევრის შემადგენლობით.
გარდა ამისა, სამთო დარგის სპეციალისტები ერთხმად შეჯერდნენ, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული მოვლენების თავიდან აცილებისა და ტექნიკური უსაფრთხოების მკაცრი მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს ტყიბულის შახტის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორის, გელა მაჩაიძის კანდიდატურა შესთავაზონ.


 

სიახლეებში დაბრუნება