Erasmus+ - სალექციო კურსი ვებდეველოპმენტის მიმართულებით კილისა და აალენის უნივერსიტეტებში

Erasmus+ - სალექციო კურსი ვებდეველოპმენტის მიმართულებით კილისა და აალენის უნივერსიტეტებში

23-07-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოც. პროფ. მიხეილ ქანთარია Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, კილისა და აალენის უნივერსიტეტებში.

კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ქართველი პროფესორის ვიზიტი 2018 წლის 29 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. ძირითადი საქმიანობა მოიცავდა აღნიშნული უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან მუშაობას და მათთვის მოკლე კურსის ჩატარებას ვებდეველოპმენტის მიმართულებით, კონკრეტულად კი „Drupal. Data reporting and visualization”.

აღსანიშნავია, რომ ეს კურსი კილის უნივერსიტეტის მაგისტრანტებისთვის იყო 2.5-კრედიტიანი, თუ ისინი დაესწრებოდნენ და საბოლოო პროექტის სახით წარმოადგენდნენ თავიანთ ნაშრომებს. 

მიხეილ ქანთარია აღნიშნულ კურსს უკვე მეორე წელია ატარებს ამ უნივერსიტეტში და შეიძლება ითქვას, კურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებში. როგორც წინა სასწავლო წელს (2017), ისე წელსაც კურსზე იყო მაქსიმალური დასწრება და მოხვედრის მსურველთათვის კონკურსიც კი ჩატარდა (20 გამოცხადებულ ადგილზე - 23 სტუდენტი). კურსი საკმაოდ ინტენსიური გრაფიკით მიმდინარეობდა ყოველდღე.

გარდა სასწავლო კომპონენტისა, მიხეილ ქანთარია კილის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში შეხვდა სხვადასხვა მეცნიერს და განიხილა თამაშთა დეველოპმენტის, რობოტოტექნიკისა და „ნივთების ინტერნეტის“ (IOT) უახლესი კვლევები. ვინაიდან ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულია „ნივთების ინტერნეტის“ მიმართულება, მოისმინა რეკომენდაციები კილის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერებისგან, თუ როგორ უნდა დაინერგოს და განვითარდეს ეს მიმართულება საქართველოში.

მიხეილ ქანთარიამ კილის უნივერსიტეტის მეცნიერებს გააცნო თავისი კვლევები და შექმნილი პროდუქტები ხელოვნური ინტელექტის, ვებდეველოპმენტის, დამატებითი რეალობის (Augmented Reality) მიმართულებებით. წარადგინა თავის მიერ შექმნილი, ჰაკათონებში გამარჯვებული ინოვაციური პროდუქტების პრეზენტაცია: „Mixer“ და „Social Cube“, რომლებმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

აალენის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიხეილ ქანთარია 2018 წლის 6 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, მოესმინათ საჩვენებელი ლექცია იმავე თემაზე, რაც კილის უნივერსიტეტში:  „Drupal. Data reporting and visualization”. ამისთვის შესაბამისმა დეპარტამენტმა (ინფორმატიკა/ეკონომიკა) შეკრიბა მონაცემთა ანალიზის განხრით მასწავლებლები, სტუდენტები, მაგისტრანტები და პროფესორები. ლექცია ტარდებოდა 2 საათის განმავლობაში და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

საჩვენებელი ლექციის გარდა, მიხეილ ქანთარიას აალენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველდღე ჰქონდა სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და მეცნიერებთან საქმიანი შეხვედრების გაწერილი გრაფიკი. შეხვდა ინფორმატიკის დეპარტამენტის დეკანს და განიხილა ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური კომპიუტინგის თანამედროვე კვლევები.

არსანიშნავია, რომ აალენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოაწყვეს პრეზენტაცია „ნივთების ინტერნეტის“ (Internet Of  Things) უახლესი სასწავლო პროგრამის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სასწავლო პროგრამა მათთანაც ახალი დანერგილია და ნელ-ნელა აუმჯობესებენ მას. ქართული დელეგაციის წევრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა საგნები შედის ამ სასწავლო პროგრამაში და რას უნდა მიაქციონ ყურადღება.

ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ელექტრონული სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და ტექნიკურ პერსონალთან. შეხვედრის დროს მიხეილ ქანთარია გაეცნო მათ მიერ დანერგილ ელექტრონული სწავლების სისტემას, ამასთან, გააცნო და შესთავაზა თავის მიერ შექმნილი ინოვაციური სერვისი “Mixer”. გაიცვალა კონტაქტები მომავლის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივით ერთობლივი პოტენციური პროდუქტის შექმნისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა აალენის ტექნიკური უნივერსიტეტის მედიალაბორატორიაში, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს კონკრეტული პროდუქტები დამატებითი რეალობის ტექნოლოგიით - “Augmented Reality”.

აალენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველ სტუმარს დაათვალიერებინა ახლად აშენებული ფიზიკური ექსპერიმენტული და ინტერაქტიული მუზეუმი “Explorino”. მსგავსი პროექტები უნიკალურია თავისი არსით და დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ფიზიკით დაინტერესებული ახალგაზრდა ინჟინერი თაობისთვის ქვეყანაში.

ბოლოს ქართული დელეგაცია შეხვდა აალენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტების კოორდინატორს, სადაც სტუ-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს თავიანთი კვლევები და ინოვაციური პროდუქტები და გერმანული მხარისგან მოისმინეს რეკომენდაციები მათი განვითარებისა და ინვესტიციის მოზიდვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროდუქტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ქართულმა მხარემ მიიღო სასურველი რეკომენდაციები და კონტაქტები მომავალი მოქმედებებისთვის.

 

სიახლეებში დაბრუნება