Erasmus+ - კილის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-ში

Erasmus+ - კილის უნივერსიტეტის პროფესორის მობილობა სტუ-ში

16-07-2018 2 - 6 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა კილის უნივერსიტეტის (Keele University) (ინგლისი) წარმომადგენელი კირილ დრეზოვი.

კირილ დრეზოვი კილის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის, ფილოსოფიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გარემოსდაცვის დეპრტამენტის პროფესორია და ტექნიკურ უნივერსიტეტს ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში სტუმრობდა. მობილობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში. სამსახურის უფროსთან, პროფ. ოთარ ზუმბურიძესთან და სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრებში განხილული იქნა უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობები და მიმდინარე გაცვლით პროექტთან, რომლის კოორდინატორიც კილის უნივერსუტეტია, დაკავშირებული დეტალები.

ინგლისური უნივერსიტეტის პროფესორი დაინტერესდა ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებების და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე მიმდინარე კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობებით. გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანთან, პროფ. ირაკლი გაბისონიას, სადაც განხილული იქნა  ფაკულტეტებს შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

პროფ. დრეზოვი, ასევე, შეხვდა არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის უფროსს, პროფ. ნანა ხაზარაძეს. ქალბატონმა ნანამ უცხოელ პროფესორს წარმოუდგინა დეპერტამენტის საგანმანათლებლო პროგრამა და შესაბამისი სილაბუსები. პროფ. ხაზარაძესთან შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის კარგად მცოდნე, წარმოშობით ბულგარელი პროფესორისთვის.

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პროფ. იგორ კვესელავას ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან. საუბარი შეეხო საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებს. შეხვედრა, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

პროფესორმა კირილ დრეზოვმა დაათვალიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით გამართულ კულტურულ ღონისძიებებში.





 

სიახლეებში დაბრუნება