გერმანულენოვანი ინსტიტუტის 10 წლის იუბილე

25-06-2007

25 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო გერმანულენოვანი ინსტიტუტის 10 წლის იუბილე აღინიშნა.

მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ სტუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთი ქოქრაშვილი, როტარი-კლუბის ხელმძღვანელი გერდ ცურ-მიულენი, ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფ. გენადი იაშვილი, ინსტიტუტის პროფ. რუდიგენ ანდრესენი.

”უკვე ორი წელიწადია, რაც საქართველოსში არ ვყოფილვარ. სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრი რამ გამოსწორებული და შეცლილი დამხვდა. ასევე სასიხარულოა, რომ ინსტიტუტისადმი ახალგაზრდების ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილა. ინსტიტუტის მაღალკურსელები პრაქტიკას წელსაც გერმანიაში გაივლიან. უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკის გავლა მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს თავად გერმანელი სტუდენტებისთვის. თეორიული კურსის დაუფლების შემდეგ პრაქტიკის გავლა უმნიშვნელოვანესი ეტაპია. გერმანული მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ტრადიცია კიდევ დიდხანს შენარჩუნდეს”, - აღნიშნა გერდ ცურ-მიულენმა.

”ჩვენი სტუდენტები აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. DAAD-ის 3 სტიპენდიანტი ამ დღეებში მიემგზავრება, ათი სტუდენტი, კი ქ. ზაარლანდისა და დარმშტადტის სახელმწიფო უწყებებსა და ბანკებშია განაწილებული. და საერთოდ, ინსტიტუტის არსებობის 10 წლის განმავლობაში პრაქტიკა გერმანიაში 200-ზე მეტმა სტუდენტმა უკვე გაიარა”, - განაცხადა პროფ. გენადი იაშვილმა.

საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი უვე რიკენი, ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების GTZ წარმომადსგენლები და გერმანიის საელჩოს თანამშრომლები.

საიუბილეო ღონისძიება სამეცნიერო ნამუშევრების პრეზენტაციით დასრულდა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და დიპლომები მოწვეულმა სტუმრებმა და ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ გადასცეს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები