უმაღლესი საგანმანათლებო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
 ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (შემდგომში საკრედიტო სისტემა) სტუდენტზე ორიენტირებული სისტემაა. მისი დანიშნულებაა აკადემიური დატვირთვის ასახვა, რომელიც სტუდენტს ესაჭიროება სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევად.
 
მუხლი 2. სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა)
  1. სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) მოიცავს
    • ლექციებზე, სემინარებზე, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებზე დასწრება;
    • დამოუკიდებელ მეცადინეობას;
    • გამოცდების მომზადება ჩაბარებას;
    • სასწავლო, სამეცნიერო და საწარმოო პრაქტიკას;
    • სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (საკურსო ნაშრომი, მოხსენება კონფერენციაზე, სამეცნიერო წერილი, საპატენტო განაცხადი, სადიპლომო ნაშრომი, საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომი, სადოქტორო დისერტაცია) მუშაობას;
    • სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის დაცვას და გამოყენებას.
  2. სტუდენტთა საქმიანობის შესაფასებლად გამოიყენება კრედიტი- ერთეული, რომელიც ასახავს სტუდენტის მიერ საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუსაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში.
  3. საკრედიტო სისტემის შესაბამისად, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს 60 კრედიტს, რაც შეესაბამება სასწავლო საქმიანობის 1500-1800 ასტრონომიულ საათს, ხოლო 1 კრედიტი მოიცავს სასწავლო საქმიანობის (სტუდენტის დატვირთბას) 25-30 ასტრონომიულ საათის განმავლობაშიუ.
  4. ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი და იგივე მოდული ან საგანი ყველა პროგრამის სტუდენტისთვის მოიცავს თანაბარი რაოდენობის კრედიტებს.
  5. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/ და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს, ან იყოს 60  კრედიტზე ნაკლები.
მუხლი 3. კრედიტების განაწილება
  1. კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის (როგორიცაა მოდულები, კურსები, პრაქტიკა, დისერტაცია და სხვა), მისი ხანგრძლივობისა და ტიპის მიუხედავად.
  2. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად, სრული აკადემიური წლის განმავლობაში უმაღლესი აკადემიური განათლების თითოეული საფეხურისათვის.
  3. კრედიტთა განაწილება სხვადასხვა კომპონენტებს შორის უნდა ეფუძნებოდეს საშუალო აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტის დატვირთვის რეალურ შეფასებას, რომელიც საჭიროა ყოველი კომპონენტისთვის დადგენილი სწავლის შედეგის მისაღწევად. კრედიტის განაწილების სისწორე უნდა შემოწმდეს სტუდენტის რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის  შეგროვებითა და ანალიზით, რაშიც პროფესორ მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას.
  4. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ სტუდენტის მიერ პროფესორ-მასწავლებელთან სასწავლო გარემოში გატარებული საათების (საკონტაქტო საათების) მიხედვით.
მუხლი 4. სტუდენტის მიღწევების შეფასება
  1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიმართ მოთხოვნილი სამუშაოს წარმატებით დასრულების შედეგად და ამ სამუშაოს დადებითი შეფასების შემთხვევაში.
  2. დაუშვებელია სტუდენტის სემესტრული (ტრიმესტრული) მიღწევის შეფასება მხოლოდ სემესტის (ტრიმესტრის) ბოლოს ჩატარებული გამოცდის მიხედვით. სტუდენტის სემესტრის (ტრიმესტრის) განმავლობაში გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს:
    • მისი დამოუკიდებელი მუშაობის შეფასება:
    • შუა სემესტრულ რეიტინგული შეფასებას;
    • სემესტრის (ტრიმესტის) საბოლოო გამოცდის შეფასებას.
  3. სემესტრის (ტრიმესტრის) საბოლოო გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტი, მიუხედავად მისი მიღწევებისა შეფასების სხვა კომპონენტში, ითვლება ჩაჭრილად
  4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი შეფასებების შეფარდება შეიძლება იცვლებოდეს საგნის, საგანმანათლებლო პროგრამის (კურსის) ან მოდულის მიხედვით.
  5. საკრედიტო სისტემის შეფასებათა სისტემა უშვებს ხუთი სახის დადებით
    შეფასებას:
    (A)   ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 90%-ზე მეტი
    (B)   ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%
    (C)   კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%
    (D)   დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 71-80%
    (E)   საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 61-70%
    არსებობს ორი უარყოფითი შეფასება:
    (FX)  ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 51-60 %, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება
    (F)   ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 50% და ნაკლები, სტუდენტს მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს ჩასატარებელი
მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი
  1. ყველა ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დანერგილია სხვა სახის საკრედიტო სისტემები 2007-2008 სასწავლო წლისთვის უნდა გადავიდეს ამ წესით განსაზღვრულ სისტემაზე.
  2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს წესი არ გავრცელდეს 2006-2007 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე. საჯარო სამართლის პირ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით, ხოლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს შექმნის სემდეგ აკადემიურმა საბჭომ
 
 
 
განმარტებითი ბარათი
წარმოგიდგენთ ბრძანებით გათვალისწინებული წესის თითოეული მუხლის განმარტებას:
 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
 
ტრანსფერისა და ევროპული საკრედიტო სისტემის (შემდგომში – ევროპული საკრედიტო სისტემა) მიზანია მობილური სტუდენტის მიერ საზღვარგარეთ სწავლის პერიოდის აღიარების გამარტივება.  საკრედიტო სისტემა გავრცელებულია ოცდაათზე მეტ ქვეყანაში და დანერგილია ათასზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს 2010 წლისათვის საკრედიტო სისტემის შემოყვანას ან ქვეყანაში მიღებული სისტემის ევროპულ საკრედიტო სისტემაში გადაყვანის წესის დადგენას. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ევროპულ საკრედიტო სისტემაზე გადასვლა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა განახორციელონ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.
 
მუხლი 2. სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა)
  1. ჩვენთან მიღებული სტუდენტის დატვირთვის სისტემისგან განსხვავებით ევროპული საკრედიტო სისტემა მასწავლებელთან საწავლო პროცესში გატარებული საათების (საკონტაქტო საათების) გარდა ითვალისწინებს ნებისმიერ დატვირთვას (საათებში), რომელიც სჭირდება სტუდენტს სასწავლო მასალის სრულყოფილი ათვისებისა და მისი ჩაბარებისათვის.
  2. შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად ზრდასრული ადამიანის შრომითინ დატვირთვა კვირაში 38-45 საათს უნდა შეადგენდეს, რაც 39-40 კვირიანი სასწავლო წლის შემთხვევაში უნდა შეადგენდეს 1500-1800 ასტრონომიულ საათს. სასწავლო წელი უნდა შეიცავდეს ორ 20 კვირიან სემესტრს ან სამ 13 კვირიან ტრიმესტრს ლექცია სემინარებისა და სასესიო დროის ჩათვლით. წლიურ შრომით დატვირთვას ევროპულ საკრედიტო სისტემაში უსადაგებენ 60 კრედიტს. ამგვარად, წლის განმავლობაში სტუდენტმა უნდა მოაგროვის 60 ევროპული კრედიტი.
  3. რადგანაც ცნობილია წლიური დატვირთვის ოდენობა და ის, რამდენ კრედიტს უსადაგებენ ამ დატვირთვას, ადვილია დათვლა რამდენი სამუშაო საათი შეესაბამება 1 კრედიტს. საათების რაოდენობის გაყოფით 60-ზე მივიღებთ, რომ ერთი ევროპული კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (დატვირთვას) 25-30 აკადემიური საათის განმავლობაში.
  4. დაუშვებელია რომ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტისთვის წაკითხულ ერთ მოდულს ან საგანს განსხვავებული კრედიტი მიეწეროს იმის მიუხედავად, რომ ეს საგანი ძირითადია ერთი სპეციალობისთვის, ხოლო მეორესთვის დამატებითი.
  5. 60 წლიური (ან 30 სემესტრული და 20 ტრიმესტრული) კრედიტისგან განსხვავებული რიცხვი პრობლემას შეუქმნის სტუდენტს მის მიერ მიღებული განათლების საზღვარგარეთ ცნობაში, ე.ი., დაარღვევს კრედიტის შემოტანის ძირითად მოთხოვნას - ცნობის გაადვილებას. განსხვავებული რიცხვი შეიძლება წარმოიშვას გამომდინარე სტუდენტი უფლებიდან მიიღოს მონაწილეობა თავისი სასწავლო პროგრამის შედგენაში და პროგრამული მოდული (საგანი) შეცვალოს მისი აზრით სასწავლო მიზნების მიღწევისთვის უფრო საჭირო საგნიტ. შეცვლა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს მხოლოდ სასწავლო პროგრამების შედგენაზე პასუხისმგებელი პირის თანხლებით, რაც მას შემდგომში საშუალებას მისცემს განმარტოს შეცვლის მიზეზი დიპლომის დანართში, ან სასწავლო ხელშეკრულებაში, რომელიც ეძლევა მობილურ სტუდენტს საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში.
 
მუხლი 3.    კრედიტების განაწილება
 
  1. სტუდენტის ნებისმიერი სახის დატვირთვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა კრედიტებით გამოისახოს სწავლების ნებისმიერ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
  2. კრედიტის განაწილებისას კრედიტის ჩარჩო საშუალებას იძლევა თითოეულ საგანს კრედიტების მთელი რიცხვები მიეწეროს. კრედიტების პრინციპის გასაგებად მოვიყვანოთ მაგალითები:
    • ვთქვათ ზოგადი ფიზიკის კურსისთვის გამოყოფილია კვირაში 2 სალექციო, 2 პრაქტიკული და 4 ლაბორატორიული სამუშაო საათი. თუ სემესტრი 20 კვირა გრზელდება – 16 სალექციო და 4 სასესიო- მაშინ სემესტრში იქნება 32 სალექციო, 32 პრაქტიკული და 64 ლაბორატორიული საათი. ამის გარდა სტუდენტმა უნდა დამოუკიდებლად იმუშოს. ჩავთვალოთ, რომ ლექციის 1 საათის დასამუსავებლად სტუდებტი ანდომებს ერთ საათს, მაშინ სტუდენტის სემესტრულ დატვირთვაში კი 32 საათი უნდა გავითვალისწინოთ. იგივე რაოდენობის 32- საათი დასჭირდება, ალბათ პრაქტიკულ მეცადინეობაზე მიცემული ამოცანის ამოხსნას. ლაბორატორიული სამუშაოების მოსამზადებლად ნაკლები დროა საჭირო, ვღქვათ, 1 საკონტაქტო საათზე ½ 1/2 დამოუკიდებელი მუშაობა, რაც სემესტრში კიდევ 32 საათს შეადგენს. შუასემესტრული გამოცდის მომზადების და ჩაბარებისათვის 20 საათი გამოვყოთ, ხოლო სემესტრის ბოლო გამოცდისათვის 40 საათი. მაშინ ფიზიკის კურსის ათვისებისათვის სტუდენტს სემესტრში დასჭირდება:     32+32+64+32+32+32+20+40=284 საათი 
      ზემოთმოყვანილი თანაფარდობის შესაბამისად 10 კრედიტი=250-300 საათს. რადგან 284 ამ ჩარჩოში ეტევა, ამიტომ ზოგადი ფიზიკას უნდა 10 კრედიტი გამოუყოთ.
    • ვთქვათ, საფორტეპიანო სპეციალობის სტუდენტი პედაგოგს კვირაში ორჯერ 4 საათის განმავლობაში ხვდება. სახლში ყოველდღიურად 3 საათს უკრავს, რაც კვირაში 21 საათს იძლევა. სემესტრში საკონტაქტო საათები შეადგენს 80 საათიან, ხოლო დამოუკიდებელი მუშაობა- 21X20=420 საათიან დატვირთვას. სემესტრში სტუდენტისეული დატვირთვა შეადგენს 80+420=500 საათს, რაც 18 კრედიტის (450-540 საათს) იძლევა.
    • ვთქვათ, სამხატრო აკადემიის სტუდენტი კვირაში 6 საათი მუშაობს ცოცხალ ნატურაზე და სახლში მუშაობა არ სჭირდება. ამგვარად, სტუდენტის დატვირთვა სემესტრში 6X20=120 საკონტაქტო საათს, ხოლო დამოუკიდებელი დატვირთვა არა აქვს. ამიტომ ამ საგანში მას დაეწერება 4 კრედიტი.
  3. დაუშვებელია სტუდენტის საგნის მომზადებისთვის საჭირო საათების რაოდენობა გამოითვალოს მოწინავე ან ჩამორჩენილი სტუდენტისათვის საჭირო სამუშაო საათების საფუძველზე. პირველ შემთხვევაში ეს ნაკლები იქნება, ხოლო მეორეში-მეტი იმ დატვირთვაზე, რომელიც რეალურად არის საჭირო საშუალო მოსწრების სტუდენტისათვის სასწავლო მოზნის მისაღწევად.
  4. არ შეიძლება კრედიტის დაკავშირება მასწავლებლის პრესტიჟთან. ნებისმიერი რანგის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) მასწავლებლის მიერ ჩატარებულ მეცადინეობას ერთსა და იმავე კურსში ერთნაირი კრედიტი უნდა მიეწეროს. ყოვლად დაუშვებელია კრედიტის დაკავშირება საკონტაქტო საათთან (სასწავლო გარემოში გატარებულ საათებთან). მაგალიტად, საშემსრულებლო სპეციალობებზე საკონტაქტო გაცილებით ნაკლებია (კვირაში 3-4-საათი), ვიდრე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის საათები (სტუდენტმა დამოუკიდებლად უნდა დაუკრას არანაკლებ 3 საათისა, ე.ი., კვირაში დაახლოებით, 25 საათი). მაშინ როდესაც ხატვის სპეციალობაზე ცოცხალი ნატურის ხატვა სტუდიაში მასწავლებლის თანდასწრებით ხდება და სახლში სტუდენტი ნახატზე აღარ მუშაობს. 
მუხლი 4. სტუდენტის მიღწევების შეფასება
 
  1. სტუდენტს კრედიტი ეთვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საბოლოო შეფასება დადებითია ზემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით.
  2. საბოლოო შეფასება გარკვეული პროცენტებით შეიცავს სტუდენტის მიერ სემესტრის (ტრიმესტრის) განმავლობაში მიღებულ შეფასებას. მაგალითად, შესაძლებელია მასწავლებელმა საშინაო დავალებების (სდ) წვლილის საბოლოო შეფასებაში მიანიჭოს 10%, შუასემესტრული გამოცდების (შგ) შეფასებას -30% და საბოლოო გამოცდის (სგ) შეფასებას –დარჩენილი 60%, მაშინ შეფასება ასე უნდა დაითვალოს: (სშ) = 0.1 (სდ)+0.3(შგ)+0.6(სგ)
    შესაძლებელია მასწავლებელის ან ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირის მიერ დაემატოს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული სხვა სახის შეფასებები, მაგ.: საწარმოო, სასწავლო, კლინიკური პრაქტიკა, საკონცერტო გამოსვლა,გამოფენაში მონაწილეობა, სტუდენტის ლექციებზე აქტიურობა და ა.ს. მათი წვლილის  გათვალისწინება, ცხადია შეცვლის ზემომოყვანილი შეფასებების წვლილს, მაგრამ სამაგიეროდ უფრო ობიექტურად გამოსახავს სტუდენტის სასწავლო მიღწევებს. 

ბანერები