გეოლოგიის დეპარტამენტი

საველე-გეოლოგიური სამუშაოები საგრანტო პროექტ 217754-ის ფარგლებში

10/02/2018 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (№217754  საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი) ფარგლებში ა.წ. 28 სექტემბერი-1 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა განმეორებითი საველე-გეოლოგიური სამუშაოები მდ. არღუნის ხეობაში. განსაკუთრებით საინტერესო და შედეგიანი იყო მარშრუტი მდ. არღუნის მარცხენა შენაკადის, შატილის წყლის ხეობაში. მარშრუტის სამუშაოებში მონაწილეობდნენ ძირითადი შემსრულებლებლები: პროფ.  ნოდარ ფოფორაძე, ოლღა სესკურია (გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი), ასოცირებული პროფესორი, სულხან გველესიანი და დამხმარე პერსონალი - რუსუდან მეტრეველი და მაია კობახიძე. 
ექსპედიციის პროცესში უშუალოდ გაშიშვლებებიდან ავიღეთ ქანების ბევრი ნიმუში, რომლებსაც ჩაუტარდება კომპლექსური ლაბორატორიული კვლევები. GPS ნავიგატორის საშუალებით განისაზღვრა თითეული დაკვირვების წერტილის კოორდინატები, გაიზომა ქანების წოლის ელემენტები და  გადავიღეთ გაშიშვლებების ფოტოები. ხეობაში ერთგვაროვანი თიხაფიქლების თითქმის ერთფეროვანი გაშიშვლებებია, ადგილ-ადგილ ვიზუალურად დაიკვირვება ძლიერ დაფიქლებული უბნებისა და ქვიშაქვების გამოსავლები. თიხაფიქლებში მრავლადაა კვარცის გამკვეთი და თანხვდენილი ძარღვები, ერთ ადგილას მთის ბროლის მცირე ზომის ბუდობებიც დავაფიქსირეთ.
აღსანიშნავია, რომ საველე-გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინტერესოა როგორც თავის უშუალო მიზნითა და დანიშნულებით, ასევე შემეცნებითი მნიშვნელობითაც. პირიქითა ხევსურეთში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი, ციხე-სოფელი შატილი, ისტორიულად საქართველოს ჩრდილოეთ კედელს წარმოადგენდა და იცავდა ქვეყანას მტრის შემოსევისაგან. ამ უნიკალურ ძეგლს გასული საუკუნის 70-იან წლებში  ჩაუტარდა რესტავრაცია. სამწუხაროა, რომ ციხე-სახლების გარკვეული ნაწილი დღეისათვის არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია და ყურადღებას საჭიროებს. გარკვეული ქმედითი ღონისძიებების გატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის დასაბრუნებლად, მით უმეტეს, რომ სოფელი ტურისტებისათვის დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს. სარესტავრაციო სამუშაოები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო წარმართავს, დასრულების პირასაა ასევე უნიკალური ძეგლის, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯის, მუცოს, ტერიტორიაზე, მდინარე არდოტის წყლის ხეობაში. აქ ვერტიკალურ ტერასებზე 40-მდე საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლი და ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი, მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. 
ამ საველე-გეოლოგიური სამუშაოებით დამთავრდა გრანტის გეგმით გათვალისწინებული საველე სამუშაოები. 


სიახლეებში დაბრუნება