არქიტექტურული გეგმარების და ურბანისტიკის N 601 დეპარტამენტი


Department N 601 of Architectural Design and Urban Planning


    

  

ყოფილი არქიტექტურული დაგეგმარების კათედრა თავის არსებობას 1922 წლიდან ითვლის. ამ ხნის მანძილზე მას არაერთხელ შეეცვალა სახელი და იწოდებოდა, როგორც არქიტექტურის სპეციალობა (1922-1928); სამოქალაქო ხუროთმოძღვრების კათედრა (1928-1930); სამოქალაქო  მშენებლობისა და დაპროექტების კათედრა (1930-1933); არქიტექტურის კათედრა (1933-1969); არქიტექტურული დაგეგმარების კათედრა (1969-2008); არქიტექტურული დაგეგმარების მიმართულება (2008 წლიდან).

  არქიტექტურის კათედრის პირველი გამგე იყო ივანე თულაშვილი (1922-1930 წწ.). შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდნენ: ივანე ყირქესალი (1930-1938 წწ.), მიხეილ მაჭავარიანი (1938-1951 წწ.), მიხეილ (მიხაკო) შავიშვილი (1951-1955 წწ.), ირაკლი ციციშვილი (1955-1989 წწ.), გიორგი შაიშმელაშვილი (1989-1992 წწ.), ვახტანგ დავითაია (1992 წლიდან დღემდე).

      პირველი ქართული უმაღლესი არქიტექტურული განათლების დიპლომის მფლობელები გახდნენ მომავალში საქვეყნოდ ცნობილი არქიტეტორები: არჩილ ქურდიანი და  ქეთევან სოკოლოვა–ქურდიანისა, რომლებმაც 1928 წელს დაამთავრეს პოლიტექნიკური ფაკულტეტი.

 ოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში ჩვენს ქვეყანაში  გაჩნდა ქართველ არქიტექტორთა მთელი პლეადა: მიხაკო შავიშვილი, ბორის გოქაძე, სანდრო თევზაძე, მიხეილ ჩხიკვაძე. მალე მათ მოსკოვში მიღებული არქიტექტურული განათლებით შეემატნენ ივანე ყირქესალი (ყირქესალიშვილი), სანდრო ინწკირველი, შალვა თავაძე. გერმანული განათლების მქონე,  ქალაქთგეგმარების  პიონერი საქართველოში  ალექსანდრე  ნიკოლაიშვილი.                 

       ხსენებული პრაქტიკოსი არქიტეტორები  იმავდროულად არქიტექტურულ  პედაგოგიურ მოღვაწეობასაც  ეწეოდნენ.

     არქიტექტორებთან ერთად 30-იანი წლების შუა პერიოდიდან კათედრაზე მოღვაწეობდა ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილი, რომელიც ახლგაზრდა თაობას ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა.

     90 წლიანი ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა დროს, კათედრაზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ გამოჩენილი არქიტექტორები: ანატოლი კალგინი, ვიქტორ კოკორინი, გიორგი ლეჟავა, მიხეილ ბუზოღლი, ივანე თულაშვილი, ივანე ყირქესალი, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი კანდელაკი, მიხეილ გარაყანიძე, ილია ადამია, ლონგინოზ სუმბაძე, ლევან მამალაძე, ვახტანგ ბერიძე, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, სერგეი უკრაინცევი, მიხაკო შავიშვილი, სიმონ (სიკო) ფიცხელაური, ალექსანდრე  (სანდრო) ინწკირველი, რუბენ აგაბაბიანი,  მიხეილ ლორთქიფანიძე, აკაკი (კაკო) ბერიშვილი, ბეჟან ლორთქიფანიძე, ვლადიმერ  (ბიჭიკო) ქორქაშვილი, ლევან (ლეო) რჩეულიშვილი, მიხეილ კალაშნიკოვი,  პარმენ (ნაპო) ზაქარაია, სოლომონ (სოლიკო) რევიშვილი, ვლადიმერ  (ლადო) ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან კედია, ირაკლი ციციშვილი, ალექსანდრე (სანდრო) თევზაძე, გიორგი თავდგირიძე, გიორგი ჩიგოგიძე, თინათინ ჩიჩუა, ალექსანდრე (ჯონდო) ჯიბლაძე, ბიძინა მამინაიშვილი, შოთა ყავლაშვილი, გივი მელქაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, გურამ მირიანაშვილი, თენგიზ კვირკველია, ნოდარ მიქაძე, სიმონ (სოსო) კინწურაშვილი, თეიმურაზ კანდელაკი, თეიმურაზ (თეზიკო) ჯაფარიძე, ლევან (ლევიკო) კილაძე, ნანული თევზაძე, ეთერ ფიფია, შალვა გოგოლაძე,   რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი, ალეკო ჩიქოვანი, ალექსანდრე (ალეკო) ქურდიანი, გიორგი სალუქვაძე, გიორგი (გია) შაიშმელაშვილი, ოთარ ნახუცრიშვილი, ნოდარ (ჯანო) ჯანშიაშვილი, მერაბ გუგუნავა, მიხეილ (მიშა) მეძმარიაშვილი, გურამ ხიზანიშვილი, ანრი ყრუაშვილი, ალეკო კორკოტაშვილი, ეკატერინე (ჩიორა) თევზაძე, ნესტან რაზმაძე, ლევან ბოკერია, ვალერი ბახტაძე, ვაჟა ორბელაძე, ვლადიმერ (ლადო) ვარდოსანიძე, გივი მეტრეველი, პავლე ძინძიბაძე, თენგიზ მახარაშვილი, ნიკოლოზ შავიშვილი, კონსტანტინე ამირეჯიბი, მერაბ გაგნიძე, გიორგი (გია) ჯანბერიძე, დავით მახარობლიშვილი, ლევან კოკაია, გივი გეგეშიძე, ალექსანდრე (ალეკო) ჩხეიძე, გიორგი (გია) სოსანიძე, თამაზ კვიწინაშვილი, დავით იოსებიძე, გიორგი (გია) გიორგაძე, ზურაბ სუჯაშვილი, გაგა კიკნაძე, ლევან მუშკუდიანი, გიორგი სულაბერიძე და სხვები. 


     სახვით ხელოვნებას (ხატვა, ქანდაკება), სხვადასხვა დროს, ასწავლიდნენ მხატვრები: ჰენრიჰ ჰრინევსკი, ალექსანდრე (სანდრო) ნაცვლიშვილი, ლეო მამალაძე, ვლადიმერ (ლადო) ცაგარელი, გიორგი სესიაშვილი, ვახტანგ ჯაფარიძე, გურამ კორძახია, ირაკლი ოჩიაური, ოთარ სეხნიაშვილი, გივი ყანდარელი, მურმან მიქაბერიძე, კიმი ტაბატაძე და სხვები. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მომავალ არქიტეტორთა მთელი თაობების მხატვრულ-ესთეტიკური აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების მნიშვნელოვან, საპატიო საქმეში.

     არქიტექტურული დაგეგმარების მიმართულება ფაქტობრივად ყოველთვის წარმოადგენდა არქიტექტურის ფაკულტეტის საქმიანობის  განმსაზღვრელ ძირითად მიმართულებას.  ბუნებრივია, რომ ამ მიმარულების და მთელი ფაკულტეტის ისტორია ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.

     სწავლების პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატში - არქიტექტურული დაგეგმარების მიმართულებაზე ისწავლება ისეთი ძირითადი დისციპლინები, როგორებიცაა: „არქიტექტურული დაგეგმარება“, „პროექტირების თეორიული საფუძვლები“, „არქიტექტურისა და ხელოვნების თანამედროვე პრობლემები“, „საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების არქიტექტურული პროექტირება“, „შენობათა რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია“.  დისციპლინაში „არიქიტექტურული დაგეგმარება“ მეცადინეობა მიმდინარეობს სტუდიური მეთოდით - თითოეულ პედაგოგზე გაპიროვნებულია 5-6 სტუდენტი. ბაკალავრიატში სწავლა ოთხწლიანია. მე-8 სემესტრი ეთმობა ბაკალავრიატის საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულებას. 

      სწავლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში მოქმედებს ექვსი სამაგისტრო პროგრამა: „თანამედროვე საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების არქიტექტურა“, „შენობა-ნაგებობათა რეგენერაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ადაპტაცია“, „საკურორტო რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და ტურისტული შენობების (კომპლექსების) არქიტექტურა“, „სამრეწველო და სატრანსპორტო შენობა-ნაგებობების არქიტექტურა“,  „ეკოლოგიურიარქიტექტურა“, „საცხოვრებლის არქიტექტურა“. პროგრამების შესაბამისად ისწავლება სავალდებულო დისციპლინები. ყოველ პროგრამაში გათვალისწინებულია აუცილებელი სემინარული მეცადინეობა - „არქიტექტურის თეორია და პრაქტიკა. კვლევა-განზოგადება“. 

     მაგისტრატურაში სწავლება ორწლიანია, რომელიც მთავრდება სამაგისტრო ნაშრომის დაცვით და არქიტექტურის მაგისტრის წოდების მინიჭებით.

      მიმართულება ყოველ სემესტრში სისტემატურად ატარებს შიდასაინსტიტუტო კონკურსს ჯგუფისა და კურსის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად. ასევე, ყოველ წელიწადს მიმართულების მიერ ხდება ექსპოზიციის განახლება. მოცემულობები პროექტირებისათვის მოიცავს მრავალ თემას და, ამდენად, პროექტებიც მრავალფეროვანია. 

       წლების მანძილზე მიმართულება მონაწილეობს სტუდენტთა სადიპლომო ნამუშევრების საერთაშორისო დათვალიერება-კონკურსებში, სადაც წარდგენილ პროექტებს არაერთხელ დაუმსახურებია უმაღლესი ხარისხის ჯილდოები. მიმართულებას კავშირი აქვს მრავალი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, მალტის, იაპონიის, თურქეთის არქიტექტურულ სკოლებთან. 

       1996 წლიდან მიმართულების პედაგოგებსა და სტუდენტებს არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული „არქიტექტურის დღის“ კონკურსების სხვადასხვა ნომინაციებში. პედაგოგთა უმრავლესობა მუშაობს რეალურ დაპროექტებაზე, არის მთელი რიგი რეალიზებული ობიექტებისა და პროექტების ავტორი, არაერთი პროფესიული კონკურსის გამარჯვებული და სამხატვრო გამოფენების მონაწილე (შ.ბოსტანაშვილის, ნ.ქვათელაძის, ნ.მახარობლიშვილის, ვ.გელაშვილის, ვ.ქობულიას პერსონალური და ნ.ბუზალაძის, ნ.ქვათელაძის, მ.მელქაძის, ზ.სვანაძის ჯგუფების საკურსო ნამუშევრების გამოფენები და სხვა). 

       მიმართულების მეცნიერული კვლევის ძირითადი სფეროა არქიტექტურის თანამედროვე პრობლემური საკითხების შესწავლა-განზოგადება. ამასთან დაკავშირებით, დამუშავებულია სამეცნიერო თემები: „კონტექსტი არქიტექტურაში“, „დიდი ქალაქების ისტორიულად ჩამოყალიბებული ბირთვის როლი თანამედროვე ქალაქების სტრუქტურაში (ძველი თბილისის მაგალითზე)“,  „არქიტექტურის პოეტიკა“, „საცხოვრისი თანამედროვე ქალაქგეგმარებით კონტექსტში“, „ვერბალური და ვიზუალური კომუნიკაციები არქიტექტურაში“, „ახალი ფორმათწარმოქმნის პრინციპების ძიებები თანამედროვე არქიტექტურაში - ორგანული არქიტექტურა“, „ეკოლოგიური არქიტექტურა“, „არქიტექტურისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთკავშირის პრობლემები (თბილისის მაგალითზე)“ და სხვა. დამუშავებულია მეთოდური მითითებანი - დავალება პროექტირებისათვის,  გამოქვეყნებულია სამეცნიერო სტატიები.

მიმართულება აქტიურად ურთიერთობს მასმედიასთან (ვ.დავითაია, მ.მელქაძე, შ.ბოსტანაშვილი) სისტემატურად ქვეყნდება მასალები არქიტექტურის დღევანდელ პრობლემურ საკითხებზე, არც ერთი ფაქტი „არქიტექტურული ცხოვრებისა“ არ რჩება გამოხმაურების გარეშე.

1993 – 1998 წლებში მიმართულების ინიციატივით მოქმედებდა სალექციო კურსი „ხელოვნებისა და არქიტექტურის თანამედროვე პრობლემები“. ლექციებს ატარებდნენ როგორც ინსტიტუტის პედაგოგები, ასევე მოწვეული სპეციალისტები ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან (თეატრის, კინოს, სახვითი ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურის და სხვა).

                მიმართულების წევრები ჩართულნი არიან ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მიმართულებაზე გარდა შტატის თანამშრომლებისა  მოღვაწეობენ პრაქტიკოსი არქიტექტორები. მათ შორის, ვინც დღეს მოღვაწეობს მიმართულებაზე, არიან ვახტანგ  დავითაია, შოთა ბოსტანაშვილი, ვაჟა გელაშვილი, ელენე კალანდაძე, გიული გეგელია, ნინო იმნაძე, თენგიზ გოგოლაშვილი, გია ნადირაძე, თემურ ხოჯავა, ვასილ ქობულია, ნოდარ ქვათელაძე,  მედეა მელქაძე, ზაზა სვანაძე, დავით ბოსტანაშვილი, გია ყიფიანი, გია ცხოვრებაშვილი, ზურაბ მათიაშვილი, დავით ჩიქოვანი, ბესარიონ ტატიშვილი, ბელა თინიკაშვილი, გიორგი წანაწყენიშვილი, გელა ჩაჩუა და სხვები.