ყველა სიახლე

ჩვენს შესახებ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა არქიტექტურული განათლების პროცესის დაახლოებას რეალურ ცხოვრებათან. ამიტომაც სტუდენტები განათლების პირველივე წლებიდან ინტენსიურად არიან ჩართული პრაქტიკულ საპროექტო საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვნად არის განპირობებული ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებული საერთაშორისო დონის და მასშტაბების შესაფერი სააღმშენებლო კურსით. 

სტუდენტთა პროფესიულ წარმატებებს ძალზედ უწყობს ხელს ის საერთაშორისო კავშირები, რომელიც ჩვენს ფაკულტეტს უცხოეთის, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბულგარეთის, თურქეთის და ჩვენი უახლოესი მეზობელი ქვეყნების მოწინავე არქიტექტურულ სკოლებთან უკვე ოთხი ათეული წელია გააჩნია. 
ფაკულტეტზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საინოვაციო, დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას. ამის მკაფიო მაგალითია სტუდია–სახელოსნო ”არქიტექტურის პოეტიკის” მოღვაწეობა, რომელიც დამოუკიდებელ, აკადემიური სასწავლო ფორმატის ალტერნატივას წარმოადგენს. 1997 წელს არქიტექტურის პოეტიკა, როგორც ახალი ხედვა, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიამ აღიარა. ეს მიმართულება დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტუდენტთა მხატვრულ აზროვნებაზე და ხელს უწყობს სასწავლო პროცესის წარმატებას. 

ჩვენს ფაკულტეტზე ფუნქციონირებს არქიტექტურული ფიზიკის და მულტიმედია (კომპიუტერული) პროექტირების, აგრეთვე მდგრადი განვითარების არქიტექტურის ლაბორატორიები. უწყვეტი პროფესიული განათლების და არქიტექტურული განათლების ხელისშემწყობი ცენტრები. ფაკულტეტს გააჩნია უნიკალური არქიტექტურული წიგნებითა და ჟურნალებით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა. მთლიანად არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სალექციო–სასწავლო აუდიტორიებს და დამხმარე სათავსებს 3000 კვ.მეტრზე მეტი ფართი უკავიათ, რაც გამორჩეული ინდიკატორი გახლავთ ერთ სტუდენტზე გადაანგარიშებით. 

ჩვენი არქიტექტურული სკოლის სტუდენტებსა საერთაშორისო კონკურსებში მნიშვნელოვანი წარმატებები გააჩნიათ. მოყოლებული 1960 წლიდან დღემდე რამოდენიმე ათეულმა ჩვენმა სტუდენტმა მოიპოვა მთავარი ჯილდო ასეთ კონკურსებში და ეს ტრადიცია, რომლის რეალური საფუძველი, სტუდენტთა ნიჭიერებასთან ერთად, ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის საერთაშორისო დონეა, დღესაც წარმატებით გრძელდება.