სტუ-ს სიმბოლიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს ფარს, რომლის არქიტექტონიკაში ძირითადი ადგილი უჭირავს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ, ქართული საინჟინრო აზროვნების - მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშს, ბრინჯაოს არწივის გამოსახულებას. ფარს ზემოთ გვირგვინად ადგას სტილიზებული შრიფტით შესრულებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აბრევიატურა “სტუ”, რომელშიც ჩაწნულია ფარზე განფენილი ბაფთა უნივერსიტეტის დევიზით “ცოდნა ძალაა”, ლათინურ ენაზე - “Scientia potestas est”. ფარზე, არწივის ქვემოთ, განთავსებულია უნივერსიტეტის დასახელება ქართულ და ლათინურ ენებზე, შესაბამისად: “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” და “GEORGIAE UNIVERSITAS RERUM TECHNICI”. ფარზე კომპოზიციას ამთავრებს უნივერსიტეტის დაარსების წელი, “1922” და ზეთისხილის ტოტების, როგორც სიბრძნისა და განახლების სიმბოლო.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, გვერდების თანაფარდობით 2:3. ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა მუქი წითელი ფერის ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავების გადაკვეთაზე მოთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი. დროშის სიმბოლურ-აზრობრივ გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო დროშის ძირითადი კომპოზიცია. სტუ-ს დროშაზე წარმოდგენილი ყველა ფერი, ჰერალდიკის კანონების მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მქონეა: თეთრი - უმანკოება, უბიწოება, სიწმინდე, სიბრძნე;ყვითელი ( ოქროსფერი ) - განათლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დიდება; მუქი წითელი - სიმამაცე, ვაჟკაცობა, სამართლიანობა და სიყვარული.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიმნი, მსგავსად გერბისა, შინაარსით სიმბოლურია, ის პატივს მიაგებს უმაღლესი სკოლის სახელოვან წარსულს, მის დღევანდელ ზნეობრივ-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე.


ბანერები